მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ავტომობილებზე ფასები გაიზრდება, სუფთა ჰაერს კი ვერ მივიღებთ” - ნონიაძე ავტოიმპორტის რეგულაციაზე

ავტომობილები

2024 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვა დაწესდა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ვერ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტიც ევრო 5 ნორმას ვერ აკმაყოფილებს.

ავტოიმპორტიორთა ასოციაცია კანონპროექტს ჯერ კიდევ მის ძალაში მიღებამდე აპროტესტებდა. საპროტესტო მსვლელობა გაიმართა 14 თებერვალსაც, რომლის ფარგლებშიც ბიზნესი ხელისუფლებისგან გამონაკლისი წესით 2023 წლის 1 დეკემბრამდე კონტეინერში უკვე ჩატვირთული მანქანების ქვეყანაში რეგისტრირების უფლებას სთხოვდა.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ, მართალია, რეგულაცია იმპორტის მაჩვენებლებზე დიდ გავლენას არ მოახდენს, თუმცა შესაძლოა, საქართველოში რეგისტრირებულ ავტომობილებზე ფასი გაიზარდოს.

“2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი ჯერჯერობით არ შემცირებულია, მით უმეტეს, რომ ეს მოდელები რეექსპორტზე ნაკლებად გადის, აზერბაიჯანმაც აკრძალა მათი შეყვანა. თუმცა ამ ავტომობილებს შიდა მომხმარებელი ჰყავს. ადამიანები, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ ფონზე უახლეს ავტომობილებს ვერ ყიდულობენ და უწევთ, მაღალი წლოვანების, დაბალი ღირებულების ავტომობილების ყიდვა.

როდესაც სახელმწიფო ასე ხელოვნურად ერევა თავისი გადაწყვეტილებებით, ამაზე ბაზარი უარყოფითად რეაგირებს. შესაძლოა, 2013 წლის შემდეგ გამოშვებული ავტომობილები გაძვირდეს, რადგან კონკურენცია იზღუდება. გარდა ამისა, თუ ადამიანს 2013 წელს ზემოთ გამოსული ავტომობილების ყიდვა და შემოყვანა არ შეუძლია, მას მოუწევს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილი შეიძინოს - რითაც აქ რეგისტრირებულ მანქანებზე მოთხოვნა გაიზრდება, დროთა განმავლობაში კი - ფასი”, - ამბობს ალექსი ნონიაძე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ რეგულაცია ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივი შემცირების მიზნით იქნა მიღებული, თუმცა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ავტომობილების ნახევარი ტექნიკური ინსპექტირების სტანდარტებს ისედაც ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც გარემოსდაცვითი შედეგების მიღება არარეალისტურია.

“პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც ემსახურება ეს რეგულაცია, არ გადაიჭრება: ქვეყანაში წელიწადში მხოლოდ 80 000-მდე ავტომობილს ვცვლით სრულად. ტექინსპექტირების ასოციაციის მონაცემებით, 1 600 000 ავტომობილიდან 800 000 ტექინსპექტირებას ვერ გადის, რადგან ძველია.

თუ წელიწადში მხოლოდ 80 000 ავტომობილს ვანაცვლებთ, 10 წელი მაინც დაგვჭირდება ამ ძველი მოდელების სრულად შესაცვლელად, ამასობაში კი დარჩენილი მანქანებიც დაძველდებიან, რომლებსაც ახლა შემოიყვანენ. შესაბამისად, ტემპებს ვერ ვეწევით, ფასებს ვზრდით, სუფთა ჰაერს ვერ ვიღებთ - აბა რა მიზანს ემსახურება ეს დადგენილება?!” - ამბობს ალექსი ნონიაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები