მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ავტომობილი ყველასთვის” — როგორია Volkswagen ID.EVERY1?

VW ID.EVERY1

Volkswagen Beetle-ის გამოშვებიდან 87 წლის შემდეგ, გერმანულმა ავტოკონცერნმა კიდევ ერთი საყოველთაო ავტომობილი წარმოადგინა, რომელსაც ყველაზე უცნაური სახელი აქვს. ამჯერად, გერმანული “ავტომობილი ყველასთვის” ჰეჩბეკის ტიპის ელექტრომობილია, რომელსაც ვოლფსბურგში ID.EVERY1 დაარქვეს. ID — VW-ის ელექტრომობილების სერიას აღნიშნავს, 1-იანი კი კლასის ნომერია, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ახალი ავტომობილი ყველაზე პატარა მანქანაა ID-ებს შორის. თავად სახელი კი იკითხება, როგორც Everyone, ანუ “ყველა”, რაც სწორედ ის სიმბოლიზმია, რომლითაც გერმანელმა ინჟინრებმა ეს ავტომობილი შეამკეს.

VW-ის უახლესი €20,000-იანი ავტომობილი, რომლის წარმოებას კომპანია 2027-ში დაიწყებს, საწყის ეტაპზე, მხოლოდ ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება. ID.EVERY1-ი მცირე ზომის ჰეჩბეკია, რომელიც VW-ის ახალ წინა წამყვან ელექტრონულ პლატფორმას ეფუძნება, რომელზედაც ID4, ID.Buzz-ი და ჯგუფში შემავალი სხვა ბრენდების ავტომობილები იყენებენ. ჯამში, ამ პლატფორმაზე დამატებით ცხრა ახალი მოდელი დაშენდება, რომელთა შორის, სავარაუდოდ, Volkswagen-ის, Skoda-ს, Seat-ის და Cupra-ს მანქანებთან ერთად, კომერციულ ავტომობილებსაც ვიხილავთ.

დაბალი ფასიდან გამომდინარე, Volkswagen ID.EVERY1-ის მყიდველი ავტომობილისგან განსაკუთრებულ შესაძლებლობებს არ უნდა ელოდოს. კონცეპტუალური ID.EVERY1-ის შესაძლებლობები ასეთია: მაქსიმალური სიჩქარე — 130 კმ/სთ-ში; სიმძლავრე — 94 ცხენის ძალა და მაქსიმალური გასავლელი მანძილი — 250 კილომეტრი. ავტომობილის შიგნით, სავარაუდოდ, 35 კილოვატ-საათის მოცულობის ბატარეა დევს, ხოლო თავად ავტომობილი, რომელშიც ოთხი მგზავრი ეტევა სიგრძეში სულ რაღაც 3.88 მეტრია, ანუ SUV-ის ტიპის ID.4-თან შედარებით ის ერთბაშად 70 სანტიმეტრით უფრო მოკლეა.

შესაძლებლობებთან ერთად, განსაკუთრებული არც დიზაინია, რადგან ავტომობილს ეტყობა, რომ ის ბიუჯეტურია. როგორც Volkswagen-ში ამბობენ, ახალი ავტომობილის დიზაინის ენა მინიმალიზმს, მიმზიდველობას და ფუტურიზმს ეფუძნება, მაგრამ არის თუ არა ეს ის დიზაინი, რაც მომხმარებელს სურს, დროსთან ერთად გაირკვევა. ავტომობილის ინტერიერში, ცხადია, ფაქტობრივად ვერ ვხვდებით ღილაკებს, ხოლო ძირითადი ფუნქციები დიდი ზომის ცენტრალურ მონიტორში არის მოქცეული — ისე, როგორც ეს ელექტრომობილებში ხდება.

Volkswagen-ის მიერ მცირე ზომის ელექტრომობილის გამოშვებას ორი მიზანი აქვს, ესენია: წარმოების ხარჯების შემცირება და კონკურენტებთან, ძირითადად ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანიებთან ბრძოლა. ბოლო წლებში ჰეჩბეკის ტიპის მცირე ზომის ელექტრომობილი არაერთმა კომპანიამ გამოუშვა, მათ შორის გამოსარჩევია ჩინური BYD Seagull-ი, რომელიც $20,000 ღირს. ასეთივე ავტომობილებზე მუშაობენ როგორც კორეული Kia და Hyundai, ასევე ამერიკული Tesla და Ford-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები