გერმანულმა ავტოგიგანტმა Volkswagen-მა მოდელების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება და წარმოების სიმძლავრეების ოპტიმიზაცია დააანონსა. როგორც ირკვევა, ევროპის უმსხვილესი ავტომწარმოებელი მომავალ წლებში სამოდელო რიგის განახევრებას გეგმავს და კონცენტრაციას მხოლოდ ყველაზე მიმზიდველ საბაზრო სეგმენტებზე მოახდენს.
ამასთან, კომპანია ყოველწლიური წარმოების სიმძლავრეების 9 მილიონ ავტომობილამდე შემცირებას აპირებს, მაშინ როდესაც პანდემიამდე ეს მაჩვენებელი 12 მილიონს შეადგენდა.
რაც შეეხება შიდა დაპირისპირებას, Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიის პროფკავშირების წარმომადგენლებმა ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე რესტრუქტურიზაციის გეგმა დაბლოკეს. არსებული ინფორმაციით, Volkswagen-ი ოთხი გერმანული ქარხნის დახურვასა და 100 000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას განიხილავს, რასაც გერმანელი კანონმდებლები და გავლენიანი პროფკავშირები მტკიცედ ეწინააღმდეგებიან.
ექსპერტების განმარტებით, ავტომწარმოებელი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც ჩინური ბრენდების მხრიდან მზარდ კონკურენციას, ახალ ტარიფებსა და გლობალური ავტოინდუსტრიის კრიზისს უკავშირდება. დასახელებული ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანია მიმდინარე ზეწოლის გასანეიტრალებლად პროდუქციის განახლებასა და ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.




























