2023 წლის მარტში, საქართველოში გამოჩნდა აპლიკაცია, რომელიც ათ ციფრულ პლატფორმას და ხუთ აპლიკაციას აერთიანებს, რომელთაც, ყოველთვიურად, ორი მილიონი ადამიანი იყენებს, ანუ საქართველოს მოსახლეობის 70%. თავად ეს პლატფორმები კი, ქართული ინტერნეტის ტრაფიკის 40%-ს აგენერირებენ. საუბარია TNET-ის სუპერ აპზე, რომელიც ისეთ პლატფორმებს აერთიანებს, როგორიცაა ბილეთების ონლაინმაღაზია TKT.GE, ელექტრონული კომერციის პლატფორმა Vendoo და ავტომობილების ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების პლატფორმა MyAuto.
როგორც TNET-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა, ნიკა ჩილინდრიშვილმა TECH INFORM-ში განაცხადა, 2024 წელს, კომპანია მომხმარებლებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას გეგმავს. სუპერ აპში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება ავტომოყვარულებისთვის, რადგან აპლიკაციას საწვავის ფასების რეალურ დროში დათვალიერების ფუნქციონალი დაემატება, მაგრამ ამასთან, თბილისში TNET-ის სერვისცენტრის გახსნაც იგეგმება, სადაც ადამიანები ავტომობილების გადაფორმებას ისე შეძლებენ, რომ ამისთვის რუსთავში წასვლა აღარ დასჭირდებათ.
“მომხმარებლებს ყოველდღიური საჭიროებები უნდა დავუკმაყოფილოთ, რის გამოც, ცოტა ხანში გავუშვებთ ფუნქციონალს, რომლითაც შესაძლებელი იქნება საწვავის ფასების ნახვა და შედარება, რა თქმა უნდა, რეალურ დროში.
შემდეგი წლის დასაწყისში, TNET-ი გახსნის ფიზიკურ სერვისცენტრს, სადაც მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიღება შეეძლება, მათ შორის ავტომობილის გადაფორმება და ბიზნესისა და უძრავი ქონების რეგისტრაცია. ამ სერვისების მიღება თბილისში იქნება შესაძლებელი, რისთვისაც მომხმარებელს სუპერ აპი დასჭირდება, რომლითაც სერვისცენტრში ვიზიტის დაჯავშნას შეძლებს”, - განაცხადა ნიკა ჩილინდრიშვილმა TECH INFORM-ში.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას, TNET-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა კომპანიის მიერ დასანერგ სხვა სიახლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სუპერ აპი ჩაკეტილ პლატფორმად განვითარებას არ გეგმავს, რისთვისაც კომპანიებთან თანამშრომლობას აანონსებს.
“გვსურს, პლატფორმაზე მეგობარი კომპანიები ჩავაინტეგრიროთ, რაც მომავალში საშუალებას მოგვცემს სუპერ აპიდან საკვები გამოვიძახოთ, ტაქსი გამოვიძახოთ და კრიპტოსერვისები მივიღოთ”, - აღნიშნა ნიკა ჩილინდრიშვილმა TECH INFORM-ში.