მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილის თუ ბინის გაყიდვის ნამეტის საშემოსავლო გადასახადის ფორმა წლის ნაცვლად იმავე თვეში ივსება - კანონი

ლარი

2024 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვით ფიზიკური პირისთვის, რომელიც არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივის (ბინა, მიწა, ავტომობილი, კომპანიის წილები და სხვა) რეალიზაციიდან იღებს ნამეტ შემოსავალს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა.

დაბეგვრის საგანს წარმოადგენს ნამეტის სახით მიღებული თანხა. მაგალითად, თუკი პირმა ბინა შეიძინა 200,000 ლარად და გაყიდა 240,000 ლარად, აქ ნამეტია 40,000 ლარი, ხოლო მისი დაბეგვრის განაკვეთი კი 5%-ს შეადგენს, შესაბამისად მას საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში 2,000 ლარის მითითება მოუწევს.

ფიზიკური პირი ვალდებულია მიღებული ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და ამავე ვადაში საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს.

შემოსავლების სამსახურის განცხადება ცვლილებასთან დაკავშირებით:

2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება, (მიღების თარიღი 05.04.2023) რომლის მიხედვით ფიზიკური პირისთვის, რომელიც არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივის რეალიზაციიდან იღებს ნამეტ შემოსავალს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა. დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, ფიზიკურ პირებს, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება უკვე გაეგზავნათ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის საშუალებით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ აღნიშნული ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მიწოდებულ ქონებაზე/აქტივზე, კერძოდ:

  • საცხოვრებელ ბინაზე (სახლზე) მასზე დამაგრებული მიწით, რომლის რეალიზაცია ხორციელდება მისი შეძენიდან ან/და უსასყიდლოდ მიღებიდან 2 წლამდე ვადაში;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეალიზაცია ხორციელდება მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვემდე ვადაში;
  • სხვა ქონებაზე/აქტივზე, მათ შორის მიწაზე, რომლის რეალიზაცია ხორციელდება მისი შეძენიდან ან/და უსასყიდლოდ მიღებიდან 2 წლამდე ვადაში, ხოლო თუ ქონება/აქტივი მიწოდებამდე გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში, ამ ქონების/აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, მიუხედავად საკუთრებაში ფლობის 2 წლიანი ვადისა.

ფიზიკური პირი ვალდებულია ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა (პირველი საანგარიშო პერიოდი-15 თებერვალი) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი.

ფიზიკური პირების უკეთ ინფორმირების მიზნით, შემუშავებულია ვიდეო ინსტრუქცია, სადაც განხილულია ფიზიკური პირის, მათ შორის არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ, ქონების/აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში პირის საგადასახადო ვალდებულება და გადასახადის განაკვეთები, ასევე განხილულია მაგალითები და საშემოსავლო დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის პირობები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმულები:

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=nL3elVIRcFI

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები