ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-ის წინააღმდეგ შედგენილ სარჩელში ავტორები კომპანიას თავიანთი საავტორო უფლებებით დაცული წიგნების ხელოვნური ინტელექტის სისტემების გაწვრთნაში გამოყენებაზე ედავებიან.
კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ სარჩელში აღნიშნულია, რომ Apple-მა საავტორო უფლებებით დაცული წიგნები წინასწარი შეთანხმების, სათანადო კომპენსაციისა და ავტორების მითითების გარეშე გამოიყენა.
"Apple-ს არ ჰქონია მცდელობა, გადაეხადა ავტორებისთვის, პოტენციურად მოგებიან წამოწყებაში მათი კონტრიბუციისთვის", - ნათქვამია სარჩელში.
აღსანიშნავია, რომ Apple-ის წინააღმდეგ აღნიშნული სასამართლო დავა ავტორთა მიერ საკუთარი ნამუშევრების სამართლებრივი გზით დაცვის ახალი ტალღის ნაწილია; მწერლები, ჟურნალისტები და სფეროს სხვა წარმომადგენლები მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს თავიანთი მასალების კანონდარღვევით გამოყენებაში ადანაშაულებენ.
AI სტარტაპი Anthropic $1.5 მილიარდის გადახდას დასთანხმდა ავტორთა ჯგუფის მიერ დაწყებული სასამართლო დავის გადასაჭრელად - ავტორების კომპანიას AI ჩატბოტ Claude-ის გაწვრთნაში მათი წიგნების უნებართვოდ გამოყენებაში სდებდნენ ბრალს.
მანამდე, ივნისში, ანალოგიური სარჩელი შევიდა სასამართლოში Microsoft-ის წინააღმდეგ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მოდელის, Megatron-ის გასაწვრთნელად სხვადასხვა წიგნს ავტორთან შეთანხმების გარეშე იყენებდა. საავტორო უფლებებთან დაკავშირებული სასამართლო დავები ჰქონია OpenAI-საც.




























