საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ში ბაზირებული მსხვილი ტექნოლოგიური ფირმები, როგორიცაა Nvidia და Apple, ხელოვნური ინტელექტის მიწოდების ჯაჭვის ყველა დონეზე ოპერირებენ.
კერძოდ, ბიულეტენში BIS-ის მკვლევრები - ჯონ ფროსტი, კუმარ რიშაბი და ვაცალა შრიტი - ხელოვნური ინტელექტის გლობალურ მიწოდების ჯაჭვს ხუთ შრედ ყოფენ: გამოთვლითი სიმძლავრე, ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ინსტრუმენტები, მოდელები და აპლიკაციები.
შემდეგ ისინი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით გლობალური AI ფირმების ტოპ 20-ეულს ადგენენ და მიწოდების ჯაჭვში მათ წარმოდგენილობას ადარებენ. მათ დაადგინეს, რომ მსოფლიოს შვიდი უმსხვილესი AI ფირმა - Nvidia, Apple, Alphabet, Microsoft, Amazon, Meta და Tesla - ხუთივე შრეშია წარმოდგენილი. ყველა ეს კომპანია აშშ-შია დაფუძნებული.
"ხშირად ისინი ორმაგ როლს ასრულებენ: ყიდიან თავიანთ პროდუქტებსა და სერვისებს ბაზარზე და ამავდროულად ქმნიან სიმძლავრეებს სხვადასხვა შრეში საკუთარი ბიზნესისთვის. პროდუქტებისა და სერვისების გაერთიანების და მომიჯნავე შრეებში კონკურენტებზე სწრაფად გადასვლის უნარი მათ AI-ში ისეთ კონკურენტულ უპირატესობებს ანიჭებს, რაც სცდება ერთი ბაზრის ფარგლებს", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
იგივე ეხება ჩინურ AI გიგანტებსაც: Alibaba და ByteDance ხუთივე შრეში ოპერირებენ, ხოლო Tencent-ი - რომელიც გამოთვლითი სიმძლავრის კატეგორიაში არ არის წარმოდგენილი - ოთხში. დანარჩენი გამოჩენილი AI კომპანიების შემთხვევაში, როგორებიცაა ტაივანის TSMC, სამხრეთ კორეის SK Hynix და ნიდერლანდების ASML, კვლევა აღნიშნავს, რომ ისინი, როგორც წესი, გამოთვლითი სიმძლავრის მიწოდების პირველ შრეში სპეციალიზდებიან, მაგრამ არ გადადიან ჯაჭვის მომდევნო ეტაპის ბიზნესებში.
ავტორების აზრით, მთავარი დილემა, რომლის წინაშეც მსგავსი სტრატეგიების გამტარებელი პოლიტიკის განმსაზღვრელები დგანან, არის ბალანსის დაცვა სუვერენული AI-ის მშენებლობასა და ციფრული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის საჭირო ფიქსირებული ხარჯების დუბლირების თავიდან აცილებას შორის.
"თუ აშშ-სა და ჩინეთს გავცდებით, რამდენიმე იურისდიქციამ შესაძლოა შეძლოს სრული ციკლის (full-stack) AI გიგანტების გაზრდა, ხოლო სხვებს შედეგების ფორმირება კონკურენტუნარიანი და მდგრადი AI ეკოსისტემების შექმნით შეუძლიათ. მცირე ეკონომიკებმა შესაძლოა შედარებითი უპირატესობა იპოვონ კონკრეტულ შრეებში, როგორიცაა AI აპლიკაციები, დახვეწილი AI მოდელები, გამოთვლითი ინსტრუმენტები ან დარგობრივი მონაცემები".




























