მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტოსადგურების რეფორმის პროცესში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ჩაერთვება - დეტალები

ავტოსადგური

„მიმდინარე რეფორმა ხელს შეუწყობს ავტოსადგურების ტექნიკური გამართულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების "ქართული ოცნების" მთავრობის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ავტოსადგურების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის მიმდინარეობის პროცესში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ჩაერთვება - სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, რომლის თანახმადაც ავტოსადგურის მფლობელს შესაძლებლობა ექნება შეამციროს ავტოსადგურის მშენებლობის ან რემონტის მიზნით აღებული სესხის/ლიზინგის პროცენტი და ასევე უზრუნველყოფს სესხის გარანტიას 80%-ის მოცულობით.

როგორც გურამიშვილმა აღნიშნა, ავტოსადგომების რეფორმის განხორციელების ვადებთან დაკავშირებით, სექტორის წარმომადგენლებისგან, გარკვეული კითხვები არსებობს.

"მიმდინარე რეფორმა ხელს შეუწყობს ავტოსადგურების ტექნიკური გამართულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ავტოგადამზიდავების მიერ გარკვეული მოთხოვნების შესრულებას. გამოითქვა აზრი რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით - ძირითადად ეს ეხებოდა რეფორმის განხორციელების ვადებს. ჩვენ განვიხილავთ ამ მოსაზრებებს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საუკეთესო როგორც რეფორმის მიზნებისთვის, ასევე ჩვენი მოსახლეობისთვის და, რა თქმა უნდა, ავტოსადგურებისა და ავტოგადამზიდავებისთვის“,- აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმის პროცესი ხელს შეუწყობს ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის აღმოფხვრას და სატრანსპორტო ბაზარზე განვითარების თანაბარი პირობების შექმნას.

"ამასთან, რეფორმა სტიმულს მისცემს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი რეკონსტრუქციისა და ახალი, საერთაშორისო დონის ავტოსადგურების მშენებლობას. გურამ გურამიშვილის შეფასებით, შედეგად, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, ტურიზმის განვითარებას, სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელებას, ასევე გარემო პირობების ეკოლოგიური მაჩვენებლებისა და მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ავტოსადგურების წარმომადგენელთა მხრიდან შეხვედრაზე ასევე აქცენტირებული იქნა ე.წ. მტაცებლების - იმ გადამყვანი ტრანსპორტის საკითხი, რომლებიც ავტოსადგურების გვერდის ავლით, მიმდებარედ უკანონოდ მუშაობენ. სექტორის წარმომადგენლები რეფორმის ფარგლებში ამ პრობლემის დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1-ელი ივნისიდან ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000-ლარიდან 10 000-ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით.

ასევე პირველი ივნისიდან 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება და დასაშვები მხოლოდ ავტობუსებით იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები