სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეხმაურება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, სადაც უწყება იმ ნაკლოვანებებზე საუბრობს, რომლებიც სახელმწიფო გრანტების გაცემის შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა.
„აწარმოე საქართველოში“ მიუთითებს, რომ უკვე განხორცილებულია გარკვეული ცვლილებები, რომლებიც მაგალითად უზრუნველყოფენ სესხების მიზნობრიობის დამატებით მონიტორინგს. გთავაზობთ „აწარმოე საქართველოში“ პასუხს აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით:
„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მუდმივ რეჟიმში მუშაობს არსებული ბიზნეს პროცესების და კონტროლის მექანიზმების დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლების განმავლობაში აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები.
2017-2019 წლის რეკომენდაციებთან მიმართებაში, აღსანიშნავია, რომ სააგენტოს პარტნიორი კომერციული ბანკები და სალიზინგო კომპანიები სესხების მიზნობრიობას დეტალურად აკონტროლებენ და შესწავლილ არცერთ შემთხვევაში მიზნობრიობის დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. ასევე, ლიზინგის შემთხვევაში, საკითხი ეხებოდა კანონმდებლობაში არსებულ ბუნდოვნებას, რის საპასუხოდაც უკვე მოხდა შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწა. აქვე მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ აღნიშნული აუდიტის დასკვნაში მოცემულია სააგენტოს ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, რომლებიც ხორციელდება კომერციულ ბანკებთან ერთად (ეს დასკვნა არ მოიცავს სხვა პროგრამებს, კერძოდ, როგორიც არის მაგალითად „მიკრო და მცირე გრანტების კომპონენტი).
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლის ოქტომბერში, სააგენტოში შეიქმნა „ანალიზის, მონიტორინგის და შეფასების დეპარტამენტი“, რომლის ფუნქციებსაც სწორედ მსგავსი რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღნიშნული ასევე ასახულია აუდიტის დასკვნაში. სამომავლოდ ყოველგვარი შესაძლო რისკის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ შეიმუშავა პროტოკოლი რომლის მიხედვითაც უკვე ხორციელდება სესხების მიზნობრიობის დამატებითი მონიტორინგი.
დასკვნაში გამოვლენილ სხვა ხარვეზებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს პროცესის პარალელურად მიეწოდა სრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია ყველა შემთხვევებთან დაკავშირებით. მხოლოდ ერთეული გამონაკლისების მიმართ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გატარების შესახებ“,- ნათქვამია განცხადებაში.




























