ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის, “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემა “Forbes-ის კვირაში” ისაუბრა იმ ცვლილებების შესახებ, რომელთა შესახებაც მთავრობა უახლოეს მომავალში გააკეთებს განცხადებას.
მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ COVID-19-ისგან გამოწვეული მდგომარეობის შესამსუბუქებლად, პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50,000 ლარამდე შემცირდა, რაც უფრო მეტ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს სესხის თანადაფინანსებით. ასევე სააგენტო განიხილავს სესხის სუბსიდირების კომპონენტის ზრდას. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, თანადაფინანსების წლების რაოდენობის 3 წლამდე გაზრდაა.
“ჩვენი ყველა პროგრამა გადაეწყობა, რათა შევუმსუბუქოთ ბიზნესს არსებული მდგომარეობა. 50,000 ლარამდე დავწიეთ ჩვენს პროგრამებში მონაწილეობისთვის საჭირო სესხის ქვედა ლიმიტი. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ ახალ სეგმენტს მეწარმეებისას ეხსნება შესაძლებლობა, რომ 50,000-დან 5,000,000 ლარამდე აიღოს სესხი. ვფიქრობთ ასევე თანამონაწილეობის პროცენტის გაზრდას და ამას ალბათ განვახორციელებთ კიდეც. იცით, რომ გვქონდა ფიქსირებული 7%. ახლა სხვა რეალობა შეიქმნა და მასზე ადაპტირდება პროცენტიც. ასევე ვფიქრობთ, რომ ორი წლის მაგივრად სტრატეგიულ პროდუქტებზე 3 წელი დავასუბსიდიროთ და არა ორი წელი.
ჩვენ გვაქვს 0-დან 20,000 ლარამდე გრანტების კომპონენტი, რომელსაც ასევე გავაუმჯობესებთ და შეიძლება მოცულობა გავზარდოთ. 50,000 ლარიდან კი გვაქვს ორი კომპონენტი, ეს არის საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომლის მასშტაბიც საგრძნობლად გაიზრდება. რასაც არ დავასწრებ პრემიერ-მინისტრს, რომ ეს ცვლილება თავად გამოაცხადოს. ჩვენ გვაქვს ასევე სასტუმროების პროგრამა, რომელსაც ხელს ვუწყობთ და ვამატებთ ახალ ინსტრუმენტებს. ვამატებთ ახალ მოდელს ფინანსური დახმარებების. ფაქტიურად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა სეგმენტისთვის გვექნება კონკრეტულად გაუმჯობესებული და გამარტივებული ფინანსური მექანიზმი.
ის დარგები, რომლის დაფინანსებიდანაც ჩვენ გამოვედით გასული წლის ბოლოს, იმ ლოგიკით, რომ ვფიქრობდით გაჯერდა, სახელმწიფოს დახმარება არ სჭირდებოდა და ინერციითაც კარგად ვითარდებოდნენ, ვაბრუნებთ ყველა ამ დარგს. მათ შორის სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელიც იქნება ნაწილობრივ დაბრუნებული. იქნება მინერალური წყლები, სამშენებლო მასალების წარმოება, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო ჩვენ პორტფელში. განსაკუთრებული ხელშეწყობა იქნება სტრატეგიულ პროდუქტებზე, როგორიცაა საკვები, სასმელი, სადეზინფექციო, სამედიცინო აღჭურვილობა და ასე შემდეგ,”- ამბობს მიხეილ ხიდურელი.
2020 წლის მდგომარეობით, სსიპ “აწარმოე საქართველოში”-ს ბიუჯეტი 57.5 მილიონი ლარია.
მიხეილ ხიდურელი "Forbes-ის კვირაში":




























