კომპანია “აგრონეტის” დამფუძნებელი აჰმედ ქაჰრამან-გოგროჭაძე საქართველოში სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. როგორც ის BM.GE-სთან რუბრიკა “ინვესტორის” ფარგლებში აცხადებს, პრობლემაა, რომ საქართველოში ახალგაზრდები აგროსექტორით დაინტერესებული არ არიან.
როგორც ინვესტორი აცხადებს, ამის გამო 2 აგრონომის ჩამოყვანა თურქეთიდან მოუწიათ. ბიზნესმენი ამბობს, რომ სახელმწიფომ და უნივერსიტეტებმა უფრო მეტი მოტივაცია უნდა მისცენ ახალგაზრდებს და ამ სფეროთი დააინტერესონ.
მისივე შეფასებით, წლების წინ ასეთივე დამოკიდებულება იყო სოფლის მეურნეობის მიმართ თურქეთში, თუმცა, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაინახეს, რომ აგროსექტორი მომგებიანი შეიძლება იყოს და შესაძლებელია მისი ბიზნესად ქცევა, მეტი მოტივაცია მიეცათ.
რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობაში წლების განმავლობაში ჩადებულ ინვესტიციას სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, ინვესტორი აცხადებს, რომ ამას შედეგი მომდევნო წლებში ექნება.
“სახელმწიფო პროგრამა “დანერგე მომავალის” შედეგები ჯერ არ ჩანს, მაგრამ 3-4 წელიწადში ეს უკვე აშკარა იქნება. ამას დრო სჭირდება”,- ამბობს ინვესტორი.
კომპანია აგრონეტი 13 წელია საქართველოში ოპერირებს და მათი ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობაა. კომპანიას აქვს სანერგე მეურნეობა, აგროტექნიკა, ვაჭრობს სასუქებით; ასევე მათ ჰოლდინგში შედის კომპანია “ჯეოლაივი”, რომელიც თავის მხრივ ფლობს ზეთისხილის ბაღებს კახეთში და ქართულ ზეითუნის ზეთს აწარმოებს.