მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი $500-მილიონიანი ევრობონდები 5-წლიანი იქნება

6076b2ce9da49
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.21 13:15
1119
საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ბაზარზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდები განათავსა და ახალი საგარეო ვალის მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ირკვევა, წინა ევრობონდებისგან განსხვავებით, ახალი ფასიანი ქაღალდების ვადიანობა არა - 10 წელი, არამედ 5 წელი იქნება.

ამასთან, განთავსების პროცესში ჩართული საინვესტიციო ბანკის თანახმად, ამ ფასიანი ქაღალდის მოსალონელი კუპონის განაკვეთი 3.0%-3.5%-მდეა, რაც წინა 10-წლიანი ობლიგაციის განაკვეთზე (6.875%-ზე) 2.2-ჯერ დაბალია.

საქართველოს ამ ახალი ევრობონდის განთავსებაში საინვესტიციო ბანკები JP Morgan-ი, Goldman Sachs-ი, ICBC Standard-ი და ქართული საფინანსო ინსტიტუტები TBC Capital-ი და Galt & Taggart-ი ეხმარებიან. საერთაშორისო ინვესტორებთან ამ ობლიგაციების განთავსებაზე მოლაპარაკებები 13-14 აპრილს იმართება.

საქართველოს მიერ გამოშვებულ ახალ ევრობონდზე განაკვეთის შემცირება, პირველ რიგში, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, რადგან საქართველოს სუვერენული რეიტინგი 2011 წელს არსებული “BB მინუსიდან” “BB”-მდე გაუმჯობესდა.

შეგახსენებთ, ახალი $500-მილიონიანი საგარეო ვალის აღება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირების მიზნით ხდება. ამ ვალის ძირი თანხის - $500 მილიონი დოლარის დაფარვის ბოლო ვადა 12 აპრილს იყო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მათ ამ ვალდებულების დაფარვა გასულ კვირაში ბიუჯეტში არსებული თავისუფალი სახსრების (ნაშთის) მეშვეობით მოახდინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები