საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, 711 მილიონი ლარით მცირდება ახალი საგარეო ვალების აღების მაჩვენებელი და ის თავდაპირველად დაგეგმილი 3.05 მილიარდის ნაცვლად, 2.34 მილიარდი ლარი იქნება.
BMG-ის კითხვაზე თუ რა საინვესტიციო პროექტების დაფინანსება შემცირდება განახლებული ბიუჯეტით, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პასუხობს, რომ საუბარია ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების 400, ხოლო საინვესტიციო კრედიტების 300 მილიონი ლარით შემცირებაზე.
უმსხვილესი სასესხო პროექტები, რომელთა ბიუჯეტები იცვლება, თბილისის მერიას უკავშირდება. საუბარია EBRD-ის 100 მილიონი ლარის ოდენობის სესხზე, რომელიც თბილისის მეტროს მოდერნიზებისთვის უნდა დახარჯულიყო, ასევე EBRD-ის 60-მილიონიანი პროექტი, რომლითაც თბილისის საავტობუსე პარკის განახლება იგეგმებოდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მომავალში მთავრობა უფრო მეტად შეიკავებს ახალი ვალების აღებისგან თავს და უცხოელ დონორებს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად მიმართავს.
"ჩვენ ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებსაც ვამცირებთ დაახლოებით 400 მილიონი ლარით, რაც შეეხება საინვესტიციო კრედიტებს, არის შემთხვევები, როდესაც წელს ათვისების შესაძლებლობა არ არის, ასეთია თბილისის მეტროსთვის ახალი ვაგონების შეძენის პროექტი, რომელიც გადაიდება მომდევნო წლისთვის რადგან იქ დასაზუსტებელი იყო კონტრაქტორის მხრიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება, რაზეც იქნებოდა შესაბამისი უზრუნველყოფა და შესაბამისი ბანკებიდან იქნებოდა თანხმობა, რომ რაიმე პრობლემის შემთხვევაში ბანკები აანაზღაურებდნენ გარანტიას.
წელს პროექტი ვერ დაიწყება და ათვისება მოხდება მომდევნო წლიდან. მეორე შემთხვევა გვაქვს თბილისის ავტობუსების პროექტი, სადაც არის გადაწყვეტილება, რომ სესხი არ ავიღოთ ამ კუთხით და ყოველწლიურად ეტაპობრივად ბიუჯეტიდან მოხდება მისი დაფინანსება და შესაბამისი ოდენობის ავტობუსების შეძენა.
თუკი ვხედავთ ბიუჯეტის შესაძლებლობას, ვცდილობთ რომ არ დაფინანსდეს სასესხო ხელშეკრულებებით.
არის უფრო წვრილი პროექტებიც, რომლებზეც თანხების გადანაწილება მოხდება, არის ისეთი პროექტებიც, რომლებიც მომდევნო წლებზე გადადის. ასევე არის თბილისის ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის პროექტიც, რა პროექტზეც ამჟამადაც მიმდინარეობს დონორთან მუშაობა. წელს ვერ დაიწყო ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის პროექტი,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
საგარეო ვალებისგან განსხვავებით, უცვლელია ახალი შიდა ვალის აღების გეგმა და ის კვლავ 1.3 მილიარდ ლარზე არის განსაზღვრული.
რაც შეეხება მთლიანად ბიუჯეტის ხარჯებს, განახლებული პროექტით, მისი მოცულობა 480 მილიონით, 19.65 მილიარდ ლარამდე იზრდება. მთავრობის განცხადებით, ხარჯების მატება მოსალოდნელზე მაღალმა საგადასახადო შემოსავლებმა განაპირობა. თავდაპირველი პროექტით, წელს 13.42 მილიარდის მოცულობის გადასახადების აკრეფა იყო დაგეგმილი, განახლებული ბიუჯეტით კი 14.47 მილიარდის გადასახადების ამოღება არის გათვალისწინებული.