მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული - კაკულია

63f5f5ad56778
თელარა გელანტია
22.02.23 23:55
1258
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად, არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებლის რომან კაკულიას აზრით, ახლა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ამ პროექტზე საუბრისას განაცხადა.

- ანაკლიის პორტის პროექტის უკვე ყოფილი ინვესტორების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის პარალელურად, გჯერათ, რომ ანაკლიის მშენებლობა დაიწყება და რეპუტაციული ინვესტორი/ინვესტორები დაინტერესდებიან?

- დიდი ხანია ვაკვირდები ინვესტორებს, როგორც პოტენციურს, ისე შემოსულებს და სამი ფაქტორია, რაც იკვეთება მსოფლიოში და ამაზე მთავრობამ სერიოზულად უნდა იფიქროს - ერთი ეს არის ენერგეტიკა, ამიტომ ვიღაცას მოსწონს თუ უფრო შორეულ პერსპექტივად ესახება მწვანე ეკონომიკა, რესურსები ამ მიმართულებით ცოდნასა და ტექნოლოგიებში უნდა ჩაიდოს, რადგან ენერგეტიკა დიდ დატვირთვას იძენს... ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, ამიტომ თუ ეს <ანაკლიის პორტის აშენება>> გეოპოლიტიკური საფრთხეებით არ იქნება ხელშეშლილი, რა თქმა უნდა, ამის სურვილი ყოველთვის იყო და გაკეთდება კიდეც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე არ არსებობს - ეკონომიკური პოლიტიკა ზოგადად პოლიტიკის ნაწილია.

- მე მახსოვს, სამი წლის წინ გაკეთებული თქვენი განცხადების შინაარსი და ალბათ თქვენც, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პორტს ხელი რუსული საფრთხის გათვალისწინებით შეუშალაო...

- ეს საკუთარ გუნდშიც ვერ გამიგეს მაშინ... სხვანაირად ვთქვი - მე უბრალოდ ვთქვი, სიფრთხილე ავტომატურად რატომ ნიშნავს პრორუსულობას-მეთქი...

- პრორუსულობაზე არ ვსაუბრობთ ახლა.. თუ რუსეთის ფაქტორი იყო ერთ-ერთი მიზეზი, დღეს აღარაა მიზეზი?

- სიფრთხილე გამოსაჩენი რომ ყოფილა ვინმესთვის ეს დაუნახავია?!

- ჩემი კითხვაა - ანაკლიის პორტის აშენების შანსი გვაქვს?

- თუ გეოპოლიტიკური სიტუაცია იქნება ისეთი, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა...

- ვგულისხმობ, დღევანდელ რეალობაში არის თუ არა შანსი ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების...

- დღევანდელ რეალობაში ზუსტად ვერ გეტყვით. ჩემი აზრით, ამ წუთას ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, სანამ არ გაირკვევა ამ დაპირისპირებაში ჩვენ საერთოდ სად მივდივართ და თუ ამერიკელების გარანტიის იმედად ისე უნდა აღმოვჩნდეთ, როგორც უკრაინა აღმოჩნდა, ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იქნება.

- მთავრობა რადგან ამბობს, რომ წელსვე დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა, ამიტომ გეკითხებით...

- ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე. ამ ომთან დაკავშირებით უნდა გამოიკვეთოს... ამ ტერიტორიაზე ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც ტენდენციებს თავად შექმნის. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, გამოვიცნოთ ის ტენდენციები, რომელიც დომინანტი გახდება ამ ქვეყანაში. საბოლოო ჯამში, იცით სად მივალთ?! – 20 წლის შემდეგ, ის კი არ იქნება მთავარი კითხვა - რუსეთი თავს დაგვანებებს თუ - არა, არამედ ჩინელები თავს დაგვანებებნ თუ - არა. ევროპული და ჩინური ცივილიზაციის დაპირისპირების შუაში ვართ და თუ შევძლებთ იმას, რომ ამ ორი ცივლიზაციიდან რომელიმემ უკვალოდ არ გადაგვყლაპოს, ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა.

ცნობისთვის: ანაკლიის პორტი პროექტი ოფიციალურად უკვე მესამედ დაიწყო.მიმდინარე კვირაში მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში კერძო პარტნიორის შესარჩევად განზრახულობის განაცხადი საჯაროდ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, პროექტისთვის 49%-იანი წილის მფლობელი კომპანია ან კონსორციუმი შეირჩევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები