ეს ისტორიული მომენტია. ახლა ევროკავშირის ჯერია. მან უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა ევროპა მისი მოკავშირეების - მისი პარტნიორებისა და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნების გვერდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე დროა.
"რა თქმა უნდა, ახლა ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და როგორც მოგახსენეთ, ხელშესახები შედეგები გვაქვს. მოდით, ავიღოთ ასოცირების შეთანხმება, მისი 45% უკვე შესრულებულია; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში წინსვლა გვაქვს, თან მნიშვნელოვანი. საქართველო მოწინავე პოზიციებზეა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე პოზიციებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ამიტომ გადამწყვეტი დროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის მომსწრენი ვართ“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული სტანდარტების, ფასეულობების ერთგულია, ქვეყნას ამისთვის ყველაზე მაღალი ფასი აქვს გადახდილი, რეფორმებს ახორციელებს და ყველა მიმართულებით წინსვლა აქვს.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ გამოიარა ომი 2008 წელს - ბევრად ადრე, ვიდრე უკრაინამ, ბევრად ადრე, ვიდრე ყირიმმა. ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გადავიხადეთ. ვინ გადაიხადა ეს ფასი? ქართველმა ხალხმა. 90-იან წლებშიც ორი ომი გვქონდა რუსეთთან, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ - დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. ამიტომ, ეს არის ჩვენი მიზანსწრაფული არჩევანი. ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. სპეკულირება არ მინდა. რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებს ვესაუბრებით ამის შესახებ. ევროპელ მეგობრებთან ვსაუბრობთ. მე პირადად მქონდა საუბარი ჩემს კოლეგებთან. მრავალი შეხვედრა გავმართე მათთან და სატელეფონო საუბრებიც მქონდა. ბრიუსელში 10 დღის ან 2 კვირის წინ ვიყავი და ლიდერებს შევხვდი. რა თქმა უნდა, ჩემი გზავნილი ის არის, რომ საქართველოს თავისი საშინაო დავალება შესრულებული აქვს და ახლა ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური, სტრატეგიული და თან მორალური გადაწყვეტილებაა. თან სიმბოლურია. ასე მაგალითად, რა გზავნილს ვუგზავნით რუსეთს? ავიღოთ საქართველო. არ ვისაუბრებ სხვა ქვეყნებზე და მხოლოდ საქართველოს შესახებ ვიტყვი: საქართველო ერთგულია ევროპული სტანდარტების, ფასეულობების, ევროკავშირის ფასეულობების. თან ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს გადახდილი, რეფორმებს ვახორციელებთ, წინსვლა გვაქვს ყველა მიმართულებით. ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და წევრობაზე განაცხადიც გაკეთებულია. ახლა ევროპის ჯერია. ახლა მან უნდა გადაწყვიტოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერის აზრით, ცხადად უნდა განვასხვავოთ ის, რომ დღეს საუბარია კანდიდატის სტატუსზე და არა წევრობაზე.
„როგორც პრეზიდენტმა სანდუმ განაცხადა, ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს ან იმას, რაც დაუმსახურებლად მიიღება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, რომლებიც ჩვენს თავზე ავიღეთ, მაგრამ დღეს ლაპარაკია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. ეს კი გახლავთ გზავნილი ყველასთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე რუსეთისთვის. ასე რომ, ჩვენ განვახორციელეთ ყველა ეს რეფორმა, გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, ვდგავართ რეფორმატორების მოწინავე რიგებში არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის რეფორმის მხრივ. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ასევე „ბიზნესის წარმოების“ კატეგორიაში და ბევრი სხვა მიმართულებით საქართველო საუკეთესოა. ასე რომ, ჩემი კითხვაა, რატომ არა? კანდიდატის სტატუსი მოგვცემს დამატებით მოტივაციას. ეს იქნება ჩვენი პროგრესის აღიარება. ამავე დროს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ეს არის სამუშაო პროცესი და ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, ამავე დროს, ვიქნებით უფრო მოტივირებულნი, შემართულნი. რა თქმა უნდა, იქნება ევროკავშირის მონიტორინგის მისია. ეს არ არის ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც მივყავართ სრულფასოვანი წევრობისკენ. შესაბამისად, გავიმეორებ, რომ ევროკავშირისგან ჩვენ მოველით ბრძნულ გადაწყვეტილებას, რადგან, - მოდით, გულახდილად ვთქვათ, - როცა რუსეთი 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, მსოფლიოში ასე იფიქრეს: „იქნებ დღეს კონტექსტი სხვაგვარია და ასე შემდეგ“. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდეგ დედამიწაზე არავის დაუწესებია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. არავის! პირიქით, ჩვენ გავხდით რუსეთთან ურთიერთობებში ყველა სახის გადახალისების, ახლიდან დაწყების მოწმენი“, - განაცხადა პრემიერმა.




























