ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ 2025 წელს აზარტული თამაშების ბიზნესიდან ბიუჯეტმა 1.8 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო.
როგორც BMG‑თან მიხეილ დუნდუა ამბობს, ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთ წელში დაახლოებით ხუთჯერაა გაზრდილი. მისი თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ პერიოდში სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდამ დადებითი ფისკალური ეფექტი მოიტანა.
რაც შეეხება სექტორში არალეგალური ოპერატორების და საიტების მომრავლებას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მათი მოცულობა სექტორში მნიშვნელოვანი არ არის.
“ჩვენ თანმიმდევრულად ვამკაცრებთ ასეთ მიდგომებს. ბუნებრივია, ვებრძვით არალეგალურ მიმართულებებს. მათი რაოდენობა და მნიშვნელობა არ არის არსებითი. ბუნებრივია, შეიძლება ჰქონდეს ადგილი ისეთი გზების ძიებას ცალკეულ შემთხვევებში, რომ თავი აარიდოს ბიზნესმა [გადასახადების გადახდას], მაგრამ ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ზარალდება თვითონ ასეთი ქმედების ჩამდენი პირი და შესაბამისად, ჩვენ ჯარიმებიც გაზრდილი გვაქვს ამ მიმართულებით.
რაც შეეხება ფისკალურ ეფექტს, 2025 წელს 1.8 მლრდ ლარის შემოსავალი შემოვიდა სათამაშო ბიზნესიდან [ბიუჯეტში], რაც 200 მილიონ ლარზე მეტით გაზრდილია 2024 წელთან შედარებით. შესაბამისად, ფისკალური თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართლებულია და ბუნებრივია, ამ შემთხვევაში კანონმდებელმაც და სახელმწიფომაც მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც მიიღო ცვლილებები [გაუზარდა სექტორს გადასახადები]. ჩვენ თუ შევადარებთ, მაგალითად, ხუთწლიან პერსპექტივას, ეს მაჩვენებელი დაახლოებით ხუთჯერაა გაზრდილი ხუთწლიან პერსპექტივაში”, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.




























