მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონს გავასაჩივრებთ - "ევროპაბეთი"

61bc74a46f487
ელენე გოგბერაშვილი
18.12.21 00:00
1647
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, დეპუტატებმა მეორე მოსმენით 82 ხმით დაუჭირეს მხარი.

პროექტი, აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნების განსაზღვრას და მოთამაშის 25 წლამდე ასაკის აწევას ითვალისწინებს. ცვლილებები ასევე განსაზღვრულია დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიის განმარტება, რეგულირდება ონლაინ თამაშების რეკლამირება, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო მოხელეებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გათვალისწინებულია მაუწყებლების შენიშვნა და კანონპროექტში თავდაპირველად მითითებული ამოქმედების ვადად 2022 წლის 1 იანვრის ნაცვლად განისაზღვრება 2022 წლის 1 მარტით.

სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია და ისინი ამას აუცილებლად გაასაჩივრებენ საკონსტიტუციო სასამართლოში. 

„ჩვენ ერთი საკონსტიტუციო დავა უკვე გვაქვს, როცა 2017 წელს საგადასახადო ტვირთი გაზარდეს. ტვირთის გაზრდა არის არაკონსტიტუციური. ჩაწერილია კონსტიტუციაში, რომ რეფერენდუმის გარეშე არ შეიძლება გაიზარდოს საგადასახადო ტვირთი. ასევე არაკონსტიტუციურია ასაკის აწევაც, რადგან მე თუ შემიძლია 18 წლის ასაკში მანქანის მართვის მოწმობა ავიღო და ჩემი ქონება განვკარგო და იგივე 21 წლის ასაკია ის ასაკი, როცა პირს შეუძლია ქვეყნისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს და საჯარო მოხელე იყოს, ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია 24 წელი.

აქ კეთდება აქცენტი იმაზე, რომ რაღაც ვირტუალური კვლევებია ჩატარებული, რომელიც არც კი გვინახავს, შესაბამისად ყველა პუნქტი თითქმის, რომელსაც პარლამენტი ცდილობს დაჩქარებულად მიიღოს, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ჩვენ აუცილებლად წავიღებთ ყველაფერს საკონსტიტუციო სასამართლოში, თუ დარჩება ეს ყველაფერი ასე და არ გაითვალისწინებენ ჩვენს კომენტარებს“, - აცხადებს "ევროპაბეთის" ფინანსური დირექტორი გიორგი ნიჟარაძე.

მისი თქმით, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, წავა თუ არა კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში, რადგან ევროპაბეთის ინვესტორები შვედები არიან. შვედეთსა და საქართველოს შორის კი ინვესტიციების დაცვის შესახებ ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც იძლევა იმის წინაპირობას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ კომპანიამ დავა არბიტრაჟის გზით გააგრძელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები