მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანი ადასტურებს, რომ დეკემბერში მათი სამგზავრო თვითმფრინავი რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო

თვითმფრინავი

გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალებზე აზერბაიჯანული მხარე ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც დასტურდება, რომ ავიაკატასტროფა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია.

სამგზავრო თვითმფრინავზე თავდასხმა რუსული Pantsir-S საჰაერო დაცვის სისტემიდან განხორციელდა. როგორც ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი Reuters-თან აღნიშნავს, აზერბაიჯანმა იმ რაკეტის ფრაგმენტს, რომელიც თვითმფრინავიდან ამოიღეს, საერთაშორისო ექსპერტიზა ჩაუტარა, რამაც რაკეტის წარმომავლობა დაამტკიცა.

თვითმფრინავს, რომელიც 25 დეკემბერს ყაზახეთში ჩამოვარდა, გარეგანი დაზიანებები აღენიშნება. წინასწარი დასკვნა, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობამ გამოაქვეყნა, საერთაშორისო საავიაციო წესების გათვალისწინებით გამოიცა და მისი მიზანი სამომავლოდ მსგავსი ავიაკატასტროფების პრევენციაა, შესაბამისად, ანგარიში რომელიმე მხარისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას არ ითვალისწინებს.

აზერბაიჯანის ავიახაზების ავიაკატასტროფას 25 დეკემბერს 38 ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმ დღესვე გამოაცხადა, რომ თვითმფრინავი რუსეთიდან “შემთხვევითი თავდასხმის” შედეგად დაზიანდა. კრემლი ამ ვერსიას არ ადასტურებს, თუმცა ვლადიმერ პუტინმა ალიევს მომხდარის გამო მოუბოდიშა და ავიაკატასტროფა “ტრაგიკულ შემთხვევად” შეაფასა. რუსულ მხარეს მომხდარზე გამოძიება არ დაუწყია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები