აზერბაიჯანი უკრაინას ელექტროგადამცემი სისტემის აღსადგენად სპეციალურ აღჭურვილობას გადასცემს. მათ ნაწილს ქვეყანა მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოსა და უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩის სეიმურ მარდალიევის შეხვედრის შემდეგ.
"ენერგეტიკის სექტორში აზერბაიჯანთან თანამშრომლობას ნამდვილად ვაფასებთ და ვიმედოვნებთ, რომ ის გაძლიერდება", - განაცხადა გალუშჩენკომ.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ აზერბაიჯანისგან 50 სარეზერვო ელექტროსადგური და 45 ტრანსფორმატორი უკვე მიიღო. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თქმითვე, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ნავთობისა და გაზის სექტორებსაც მოიცავს.