აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, წელს 11 თვეში საქართველოში 2.2 მილიარდი მ3 გაზია ექსპორტირებული, რაც დაახლოებით 300 მლნ მ3-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ამაში ქვეყანამ 217.6 მლნ დოლარი გადაიხადა. აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი წელსაც შემცირდა, გასულ წელთან შედარებით აზერბაიჯანულ გაზში 22%-ით ნაკლებია გადახდილი. ამის საპირისპიროდ 2024 წელს კვლავ გაიზარდა რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა.
საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანის ორი წყარო არსებობს: აზერბაიჯანი და რუსეთი. ამ ორ ქვეყანასთან საქართველოს მილსადენები აკავშირებს, რომლითაც გაზს არა მხოლოდ იღებს, არამედ სომხეთსა და თურქეთში ატარებს კიდეც.
გატარების სანაცვლოდ საქართველო აზერბაიჯანიდან ორი კონტრაქტით იაფად იღებს გაზს. მათგან უმთავრესი „ოფციური“ გაზია. მისი მოცულობა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება.
ეს კონტრაქტი საშუალებას იძლევა, შეღავათიან ფასად გატარებული გაზის 5%-მდე იყიდოს ქვეყანამ. დამატებითი გაზის მოცულობა კი ფიქსირებულია, ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ მ3 გაზს იღებს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, შარშან ამ მილსადენში რეკორდული მოცულობის 21 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტმა გაზმა გაიარა.