ბრაზილიის საჰაერო ძალების გამომძიებლებმა დაასრულეს 25 დეკემბერს ყაზახეთში ჩამოვარდნილი "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ორი შავი ყუთის მონაცემების ამოღება და ყაზახეთის ხელისუფლებას გადასცეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
"ყველა მონაცემი გადაეცა ყაზახეთის საგამოძიებო ორგანოს... თვითმფრინავის ავარიების გამოძიების საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად", - ნათქვამია ბრაზილიის საჰაერო ძალების განცხადებაში.
შავი ყუთების გაშიფვრაში მონაწილეობისთვის ბრაზილიაში ჩავიდნენ სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან.
აზერბაიჯანი თვლის, რომ ბრაზილიური წარმოების Embraer-190 თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტით, რომელიც მოსკოვის მტკიცებით მოქმედებდა უკრაინული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად. კრემლის ოფიციალური პოზიციაა, რომ გროზნოს, მოზდოკისა და ვლადიკავკაზის ტერიტორიებზე მოსალოდნელი იყო უკრაინული დრონებით თავდასხმა, რუსეთის საჰაერო დაცვის სისტემამ კი ეს თავდასხმები გაანეიტრალა.
ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დაგეგმილი დაშვების შეწყვეტის შემდეგ, თვითმფრინავი ყაზახეთში ავარიულად დაეშვა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ავიაკატასტროფის შემდეგ დაადანაშაულა რუსეთი მიზეზების "დამალვაში" და მოვლენების "მოჩვენებითი ვერსიების" პროპაგანდაში. მან მოითხოვა ბოდიშის მოხდა, დანაშაულის აღიარება და პასუხისმგებელი პირების დასჯა.
თავსი მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ "ავიაკატასტროფა რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა", თუმცა პასუხისმგებლობა არ აიღო.




























