დღეს, რუსული ხორბლის კიდევ ერთი პარტია სომხეთში ტრანზიტით გაიგზავნება.
Report-ი აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთიდან 560 ტონა მარცვლეული 8 ვაგონით აზერბაიჯანის გავლით გაიგზავნება. შემადგენლობამ სომხეთში ჩასვლამდე საქართველოს მონაკვეთიც უნდა გაიაროს.
დღეისთვის, გასაგზავნი 560 ტონის ჩათვლით, სომხეთში გაგზავნილი რუსული ხორბლის საერთო მოცულობა 20 460 ტონას შეადგენს.
რუსეთიდან ხორბლით დატვირთული პირველი მატარებელი აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით სომხეთში ნოემბერში ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთში ტრანზიტზე მოქმედი ყველა შეზღუდვა მოიხსნება.




























