მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანის გავლით, თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირება, მოულოდნელად, გაჭირდა - "ბლექ სი პეტროლიუმი" რუსული ნავთობის ჩანაცვლების გეგმაზე

BSP ყულევი

საქართველოს პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის, "ბლექ სი პეტროლიუმის" (BSP) სტრატეგიული მიზანი რუსული ნედლეულის ჩანაცვლებაა - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ისაკაძის "ბიზნესის კვირეულთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც დავით ფოცხვერია განმარტავს, კომპანიამ საქმიანობა რუსული ნავთობის გადამუშავებით დაიწყო, თუმცა მიმდინარე ეტაპზე ნედლეულის დივერსიფიკაციაზე აქტიურად მუშაობს, რაც BSP-ს საბოლოოდ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანის საშუალებას მისცემს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ სრულად ჩავანაცვლოთ არსებული რუსული ნედლეული. ამისთვის თურქმენულ ნავთობზე ვმუშაობთ, შემდგომ ეტაპზე კი ყაზახურ და სხვა ალტერნატიულ წყაროებზეც“, - აცხადებს ფოცხვერია.

მისი თქმით, ნედლეულის წყაროების დივერსიფიკაცია პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის საექსპორტო შესაძლებლობებზეც. კერძოდ, ევროკავშირის ბაზარი ამ ეტაპზე დახურულია იმ პროდუქციისთვის, რომელიც რუსული ნავთობით არის წარმოებული, ხოლო ალტერნატიული ნედლეულის გამოყენება ამ შეზღუდვას მოხსნის.

ამასთან, როგორც დავით ფოცხვერია აღნიშნავს, ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა, რომელსაც BSP ამ მიმართულებით შეხვდა, არის აზერბაიჯანის რკინიგზის მიერ თურქმენული ნავთობის ტრანზიტის დაწყება. როგორც ფოცხვერია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი შეთანხმებები დიდი ხანია მიღწეულია, თურქმენული ნავთობის პრაქტიკული ტრანსპორტირება ჯერ არ დაწყებულა.

„სამწუხაროდ, და გარკვეულწილად მოულოდნელადაც, ჩვენი მიმართულებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის განხორციელება გაჭირდა. თურქმენულ ნავთობზე შეთანხმება რამდენიმე თვის წინ უკვე მიღწეული გვაქვს, თუმცა მისი ტრანსპორტირება ჭიანურდება“, - აცხადებს ფოცხვერია.

მისივე თქმით, BSP იმედოვნებს, რომ აღნიშნული საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გაააქტიუროს ალტერნატიული მიწოდების ჯაჭვი.

„როგორც კი ეს სარკინიგზო ჯაჭვი ამოქმედდება, ამას ავტომატურად მოჰყვება სხვა წყაროების მათ შორის ყაზახური ნავთობის ტრანზიტიც,“ აღნიშნავს კომპანიის დავით ფოცხვერია.

ყულევში პროექტი $600-მილიონიანი ინვესტიციით ხორციელდება და მისი პირველი ფაზის ბიუჯეტი 150 მილიონ დოლარს აღემატება, აღნიშნულის შედეგად 1.2 მილიონი ტონის წლიური წარმადობის ქარხანა მოეწყო, რომელიც ნაფტას, მაზუთს და დიზელის წარმოებისთვის საჭირო ნახევარფაბრიკატს აწარმოებს, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ ევრო5-ის მარკის ბენზინის, საავიაციო საწვავის და ევროდიზელის წარმოება შეეძლება, წლიური წარმადობა კი 4.5 მილიონი ტონა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები