მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს განცხადებით, სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის მიუხედავად, "ტრაფიკი" მაინც არის

ფლორიან სენგსტშმიდი

აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სამსახურის - აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს ხელმძღვანელის ფლორიან სენგსტშმიდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი უკვე ოთხი წელია ჩაკეტილი აქვს, ტურიზმის "ტრაფიკი" მაინც არის. ამის შესახებ სენგსტშმიდმა BMG-ის აზერბაიჯანის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა.

„ზოგადად რასაც ვუყურებთ, „ტრაფიკი“ მაინც არის, განსაკუთრებით იმათ მხრიდან, ვინც შედარებით გრძელვადიანად სტუმრობს რეგიონს, ასევე აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით უცხოელებს აქვთ შესაძლებლობა გადაკვეთონ საზღვარი. ეს მუშაობს. ჩრდილოეთ რეგიონებზე რომ ვისაუბროთ, მაგალითად, შექი, ზაქათალა, კახი, ტურიზმის რიცხვების დიდ ვარდნას ვერ ვხედავთ ადგილობრივი მოგზაურების გაზრდილი რაოდენობის გამო. ასევე, უცხოელების მხრიდან, რომლებიც აზერბაიჯანიდან საქართველოში გადადიან“, - განაცხადა აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, როგორც აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ მონაცემებშია მითითებული, საქართველოდან აზერბაიჯანში ტურისტების 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელი 2019 წლის შესაბამის პერიოდს 85%-ით ჩამორჩება. 2023 წლის მაჩვენებლებს კი 9%-ით აღემატება. კერძოდ, 2024 წლის პირველ ათ თვეში აზერბაიჯანში საქართველოდან 90 894 ჩასვლა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2019 წლის შესაბამის პერიოდში 593 476 ჩასვლა იყო. 2023 წელს კი ანალოგიურ პერიოდში 83 602 ჩასვლა ფიქსირდება.

რაც შეეხება აზერბაიჯანის ტურიზმის ზოგად სტატისტიკას, მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ქვეყანაში უცხოეთიდან 2 209 720 ვიზიტი ფიქსირდება, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს 28%-ით აჭარბებს, თუმცა 2019 წლის პირველი ათი თვის მონაცემებს 18%-ით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან ჩაკეტილი აქვს. ამ დრომდე ოფიციალურ მიზეზად კოვიდპანდემია სახელდება. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2025 წლის 1-ელი იანვრის 06:00 საათამდეა გახანგრძლივებული. აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზითაა შესაძლებელი.

მიმდინარე წლის მარტში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გამო, საქართველომ 1.5 მილიონზე მეტი ტურისტი დაკარგა, რაც დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ეკვივალენტურია მიუღებელ შემოსავლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები