მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანისგან დამატებითი გაზის შეღავათიანი პირობებით მიღება შეუძლებელი იქნება - ენერგეტიკოსი

მურმან მარგველაშვილი

დიდი ალბათობით, აზერბაიჯანისგან გაზის დამატებით მოცულობებს ძველი, შეღავათიანი პირობებით ვეღარ მივიღებთ, რაც გაზის ადგილობრივ ტარიფზეც აისახება - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი საუბრობს.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანულ მხარესთან დადებული ხელშეკრულება, დამატებითი გაზის მოცულობების მიღებაზე, 2026 წელს იწურება. ამ შეთანხმებით, საქართველო შეღავათიანი პირობებით, წლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს იღებს.

მურმან მარგველაშვილის განცხადებით, გასულ წლებში ეს შეთანხმება საქართველოსთვის ძალიან სასარგებლო პირობებით დაიდო, თუმცა, მოცემულ ვითარებაში, ამ პირობების შენარჩუნება შეუძლებელია.

„პირობები არის ძალიან შეღავათიანი, რაც განპირობებული იყო იმ ხელშეკრულების დადების დროს არსებული ფასებით. მას შემდეგ მსოფლიო ფასები ორჯერ და მეტად გაიზარდა. შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კომერციული გაზი, რომლის შესყიდვაც მოგვიწევს, ისეთივე პირობებით მოგვაწოდოს აზერბაიჯანმა. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მას ხელშეკრულებები აქვს დადებული ბალკანეთისა და აღმოსავლეთი ევროპის ბევრ ქვეყანასთან გაზის მოწოდებაზე და არ აქვს ზედმეტი გაზი, რომ ასე საქველმოქმედო ზრუნვით მიაწოდოს ვინმეს.

საერთაშორისო ურთიერთობაში მეგობრული მიდგომის მოლოდინი ცოტა დილეტანტურია. აქ პრაგმატული ურთიერთობებია და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რაღაცა დათმობების ნაცვლად თუ არა, ისე მოგვაწოდოს იაფად გაზი.

მისივე თქმით, 500 მილიონი კუბური მეტრი ქვეყნის მოხმარების დაახლოებით მეექვსედია და მისი პირობების ცვლილება ქვეყნის გაზის ბალანსზე და ტარიფებზე გავლენას მოახდენს.

“ამ მოცულობას ჩვენ ვიღებდით უკიდურესად შეღავათიანი ფასით, რაც 70-75 დოლარია 1000 კუბურ მეტრზე. შეუძლებელია, რომ ეს პირობები გაგრძელდეს. სავარაუდო განსხვავება, მე მგონი, 150-200 მილიონი დოლარი იქნება ყოველწლიურად”, - ამბობს მურმან მარგველაშვილი.

ამასთან, ენერგეტიკოსი ამბობს, რომ ბოლო წლებში, ქართულმა მხარემ “სოკართან” და აზერბაიჯანულ მხარესთან უამრავი სხვადასხვა ხელშეკრულება გააფორმა და გასარკვევია, აქვს თუ არა ამ ახალ ხელშეკრულებებს რაიმე კავშირი უკვე არსებულ შეთანხმებებთან. მისივე თქმით, ეს გაუმჭვირვალე შეთანხმებები უნდა გასაჯაროვდეს.

“ამ ტარიფებთან დაკავშირებით, რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა აზერბაიჯანის მხარესთან, რომელიც ემსახურებოდა მოკლევადიანი, რაღაც პოლიტიკური სარგებლის მიღებას ტარიფების თვალსაზრისით. ძალიან დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ხელშეკრულებები არსებითად არ ეხება იმ მთავარ ხელშეკრულებას, რაზეც ვსაუბრობდი და საერთოდ საკითხავია, ხომ არ არის შეცვლილი იმ სატრანზიტო ხელშეკრულების პირობები, იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად, ღია ინფორმაცია არ გაგვაჩნია, გაფორმებულ ხელშეკრულებაში რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

მოკლედ ბევრი რამე ჩაიხლართა. საქართველოს მოსახლეობის, ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ გაირკვეს, ახლა რა პირობები არსებობს. კარგი იქნება, ამის რეალური აუდიტი თუ გაკეთდება, იგივე სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და თვითონ გაითვალისწინებენ. რატომ უნდა იყოს გაუმჭვირვალე სახელმწიფოსა და სახელმწიფო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება? პირიქით, ეს უნდა იყოს გასაგები და გამჭვირვალე, ეს ასევე არის უსაფრთხოების საკითხი. რაც უფრო ღიაა სახელმწიფო კონტრაქტები, მით უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს ამ კომპანიასთან მიმართებით” - ამბობს მურმან მარგველაშვილი BMG-სთან.

სამხრეთ კავკასიური მილსადენის კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულებით საქართველო გაზს ორი შეთანხმებით იღებს: ერთი ე.წ. ოფციური გაზია და აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ევროპის მიმართულებით გატარებული გაზის 5%-ს შეადგენს, ხოლო მეორე - დამატებითი გაზი, რაც ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. სწორედ, ამ შეთანხმების გადახედვის საკითხი დადგება მომავალ წელს დღის წესრიგში. თუკი, არსებული პირობების შენარჩუნება ვერ მოხერხდა, შესაძლოა, ეს გაზის ტარიფებზე უარყოფითად აისახოს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამხრეთის გაზის დერეფნის შესახებ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან არსებული ხელშეკრულება დამატებითი გაზის (წლიურად 0.5 მლრდ კუბური მეტრის) მოწოდებაზე განახლებული პირობების შესახებ მთავრობა მოლაპარაკებებს გამართავს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, ეს მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციულ და მეგობრულ რეჟიმში წარიმართება. დაველოდოთ მოლაპარაკებების შედეგებს. ჩვენ მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, რომ სათანადო გარიგება შედგება ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები