2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი 131%-ით გაიზარდა და მან $79.2 მილიონ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, მთლიანად ავტომობილების რეექსპორტის მოცულობა 26%-ით გაიზარდა და ის $127.9 მილიონს შეადგენს. ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ აზერბაიჯანულ ბაზარზე ექსპორტის მატება იყო.
2019 წელს ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელმა 2014 წლის შემდგომ რეკორდულ მაჩვენებელს $686.7 მილიონს მიაღწია. რეექსპორტის მთავარი ბაზარი სწორედ აზერბაიჯანი იყო. ამ დროისთვის კვლავ უცნობია თუ რა მასშტაბის გავლენა ექნება COVID-19-ის ეპიდემიას როგორც აზერბაიჯანში, ასევე, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების მოთხოვნაზე.
2019 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მიხედვით ქვეყნების სრული რეიტინგი ასეთია:
1 აზერბაიჯანი - $248 769 000 დოლარი;
2 სომხეთი - $214 453 000 დოლარი;
3 უკრაინა - $71 991 000 დოლარი;
4 ყირგიზეთი - $49 000 000 დოლარი;
5 არაბთა გაერთიანებული საემიროები - $45 301 000 დოლარი;
6 ყაზახეთი - $11 774 000 დოლარი;
7 რუსეთი - $7 269 000 დოლარი;
8 უზბეკეთი - $3 734 000 დოლარი;
9 ტაჯიკეთი - $3 223 000 დოლარი;
10 პანამა - $2 598 000 დოლარი;
11 ერაყი - $2 590 000 დოლარი;
12 თურქეთი - $2 438 000 დოლარი;
13 იაპონია - $2 265 000 დოლარი;
14 თურქმენეთი - $1 468 000 დოლარი;
15 ბულგარეთი - $1 379 000 დოლარი;
16 მოლდოვა - $1 128 000 დოლარი;
17 ჩეხეთი - $1 106 000 დოლარი.
2014 წლამდე ავტომობილები საქართველოს წამყვანი საექსპორტო საქონელი იყო. 2007 - 2013 წლებში ავტომობილებით ვაჭრობიდან შემოსული ბრუნვა გაათმაგდა და 2007 წელს $70 მილიონიდან 2013 წელს უკვე $700 მილიონზე მეტი შეადგინა. შესაბამისად, გაიზარდა ავტოდილერების რაოდენობაც, ათასობით ადამიანს ავტომობილების უცხოეთში გაყვანით შემოსავლის მიღების საშუალება გაუჩნდა.
2014 წლის ბოლოს საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში დაწყებული სავალუტო კრიზისის გამო ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. ამას დაემატა აზერბაიჯანის მიერ ევრო 4-ის სტანდარტის შემოღება და სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაც.
თუმცა, უკვე 2017 წლიდან ვითარება გაუმჯობესდა და მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის დარგი კვლავ დაწინაურდა.




























