მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხზე ვმუშაობთ - საგარეო საქმეთა სამინისტრო

628b952db708a
მარიამ ვარადაშვილი
24.05.22 10:10
9992
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხზე აქტიურად მუშაობენ. პარლამენტის წევრისთვის სადეპუტატო კითხვის ფორმატში გაგზავნილ პასუხში სამინისტრო იმ სამუშაოზე საუბრობს, რაც მათი თქმით, აღნიშნულის მოსაგვარებლად გაწიეს.

კერძოდ, სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საელჩოს ძალისხმევის შედეგად, გასული წლის 19 მარტიდან ბაქო-თბილისის მიმართულებით ფრენები აღდგა, ხოლო 1 ივნისიდან ბაქო-ბათუმის მიმართულებაზე ფრენები განახლდება.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი მხარეებს შორის ორმხრივი ოფიციალური, თუ სამუშაო შეხვედრების დროს.

გაცნობებთ, რომ მგზავრთა თავისუფალი გადაადგილებისთვის, აზერბაიჯანის მხრიდან, კვლავ დაკეტილია სახმელეთო საზღვარი ყველა მოსაზღვრე ქვეყანასთან - საქართველო, ირანი და რუსეთის ფედერაცია. ამ ეტაპზე, ქვეყნის ხელმძღვანელობას არ მიუღია გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრების გახსნის შესახებ

საგარეო საქმეთა სამინისტრო და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო აქტიურად აგრძელებს მუშაობას აზერბაიჯანულ მხარესთან დაწესებული შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების თაობაზე, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც ამ დრომდე ძალაში რჩება.

აქტიური კომუნიკაციით, აზერბაიჯანის მხარემ დაწესებული რეგულაციები უკვე მოხსნა საქართველოდან საჰაერო გზით მიმავალ მგზავრებზე. რაც შეეხება სახმელეთო გზით მიმავალ მგზავრებს, მიმდინარეობს მუშაობა, რომ აღნიშნული რეგულაციები მათთვისაც შემსუბუქდეს”,-წერია სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები