მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანული გაზი EU-ში - დგას თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოება?

გაზსადენი

„თუ ევროპა ცალსახად არ იტყვის, რომ მას აზერბაიჯანიდან გაზი სჭირდება, LNG ტერმინალის თუ გაზსადენების გაფართოების პროექტები არ განხორციელდება“, - მიიჩნევს ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი.

რა პერსპექტივა აქვს საქართველოზე გამავალი ენერგეტიკული დერეფნების განვითარებას? - BMG -იმ კითხვა მას შემდეგ დასვა, რაც 20 ივნისს, შუშის გლობალურ მედიაფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპა გააკრიტიკა.

ამ მედიაფორუმზე ალიევი საკმაოდ ხისტი იყო. „მნიშვნელოვანია, ბოლო მოეღოს თვალთმაქცობას“ - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დეკარბონიზაციის კუთხით დასავლეთის გეგმების კომენტირებისას. ალიევი მიიჩნევს, რომ ფოკუსი მხოლოდ მწვანე ენერგიაზე და წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა, ამ ეტაპზე, წარმოუდგენელია და ის სინერგიის მომხრეა. ილჰამ ალიევმა ისიც თქვა, რომ აზერბაიჯანი მზადაა ევროპას ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოცულობები მიაწოდოს, თუმცა როგორც ჩანს, ევროპის ქვეყნების სურვილი მიიღონ მეტი გაზი, კონკრეტული პროექტების დაფინანსებაში არ ითარგმნება. უფრო მეტიც, ევროკავშირს გაცხადებული აქვს წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა, რაც გაზის მოპოვება/ ტრანსპორტირების გაფართოების გეგმებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„მათ უნდათ, რომ სამხრეთ გაზის დერეფანი გავაფართოოთ, 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე, საუბარია ტრანსანატოლიურ მილსადენზე (TANAP). ასევე ტრანსადრიატიკული მილსადენის TAP -ის გამტარუნარიანობის 10-დან 20 მლრდ კუბ. მეტრამდე გაზრდაზე.... მათ სურთ რომ ამ მიმართულებით დამატებით მილიარდების ინვესტიცია ჩავდოთ, მაშინ როდესაც, ამბობენ, რომ ათ წელიწადში, ან უფრო მცირე დროში, ევროკავშირს გაზი აღარ დასჭირდება. ჩვენ შეშლილები უნდა ვიყოთ, რომ მილიარდები ჩავდოთ გაზში, რომელიც მათ არ აღარ დასჭირდებათ. ამ დროს გვიყურებენ და გვეკითხებიან სად არის ჩვენი გაზი? ჩემი გზავნილია შეწყვიტეთ ეს თამაში“, - თქვა ილჰამ ალიევმა.

რას ნიშნავს ილჰამ ალიევის ხისტი რიტორიკა?

„უნდა შევხედოთ რა საფუძველი ჰქონდა ალიევის ამ განცხადებას - ამბობს ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი „საქმის კურსში“ სტუმრობისას და ევროპაში ბუნებრივი აირის მოხმარების კუთხით არსებულ ვითარებას აანალიზებს. ის ფიქრობს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის წუხილიც ამ ვითარებით არის გამოწვეული.

ცოტა რამ ევროპის ენერგეტიკულ პოლიტიკაზე

„ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ დაამტკიცა ენერგოპოლიტიკა. დოკუმენტი ითვალისწინებს იმას, რომ 2030 წლისთვის გაერთიანების ქვეყნების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 40% განახლებადი და ატომური წყაროებიდან წარმოებულ ენერგიაზე მოდიოდეს. აქედან გამომდინარეა EU-ს პოლიტიკაც ბუნებრივი აირის მიმართ. უნდა შევხედოთ სტატისტიკასაც. 2022 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ევროპაში ბუნებრივი აირის მოხმარება მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა, უფრო ოპტიმალური გახდა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა თხევადი ბუნებრივი აირის წილი ჯამურ მოხმარებაში. ზოგადად, ენერგიის მოხმარების ბაზარი იცვლება და მიდის ტენდენცია, რომ რაც შეიძლება გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან (მზე, ქარი, წყალი) მიღებული ენერგიის წილი. ამ კუთხით იხვეწება და ეფექტიანი ხდება ტექნოლოგიებიც. ეს ერთ-ორ წელიწადში არ მოხდება,მაგრამ ტენდენცია მიდის, რომ პრიორიტეტი ხდება განახლებადი ენერგია და გათხევადებული გაზი, რომელიც უფრო მოსახერხებელია ლოგისტიკის კუთხითაც“, - განმარტავს არჩილ მამათელაშვილი.

რა მოცულობის გაზს იღებს დღეს ევროპა აზერბაიჯანიდან?

არსებული გეგმით, ევროპის ქვეყნები 2024 წელს 13 მლრდ კუბ. მეტრ ბუნებრივ გაზს მიიღებენ, ეს ევროპის ჯამური მოხმარების დაახლოებით 5%-ის ფარგლებშია. აზერბაიჯანს განცხადებული აქვს, რომ სურს მოცულობების გაორმაგება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 2021 წელს ევროპას 8 მლრდ კუბ.მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდებოდა, 2027 წლისთვის მიწოდება 16 მლრდ კუბ. მეტრამდე გაიზრდება. უფრო მეტი მოცულობით აზერბაიჯანული გაზის ევროპისკენ გადამისამართებას გაზსადენების TANAP-ის და TAP -ის არსებული სიმძლავრე აფერხებს. ტრანსანატოლიურ გაზსადენის (TANAP) გამტარუნარიანობა 16 მლრდ კუბ.მეტრია, ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) - 10 მლრდ.კუბ.მეტრის.

„TANAP -ის და TAP -ის გამტარუნარიანობის გაზრდისთვის ნამდვილად დიდი თანხებია საჭირო, შესაძლოა ეს იყოს ასეულობით მილიონი, შეიძლება მილიარდებიც. ამიტომ ალიევის წუხილი გასაგებია წმინდა კომერციული თვალსაზრისითაც. საერთოდ, ვფიქრობ, ევროპა ძალიან კარგი მომხმარებელია აზერბაიჯანისთვის როგორც ფასის, ისე სტაბილურობის კუთხით და ამ ურთიერთობას არ ახლავს რაიმე პოლიტიკური ფასის გადახდა. ევროგაერთიანებას გაზსადენების გაფართოებისთვის რაიმე ოფიციალური ვალდებულება არა აუღია და ეს გასაგებიცაა - ერთის მხრივ ეს იქნება ახალი ვალდებულების აღება წიაღისეული საწვავის პროექტზე და მეორეს მხრივ, განახლებად ენერგიაზე აქცენტი. ალიევი ხედავს, ამ ტენდენციას. მაშინ საიდან უნდა მოხდეს თანხების მოძიება? მე, პირადად, ეჭვი მეპარება, რომ აზერბაიჯანმა მხოლოდ თავად გაიღოს დამატებითი თანხა და ეს ჩანს კიდეც. ჩემი პირადი აზრია, რომ აზერბაიჯანი გააგრძელებს მიწოდებას და სიმძლავრის სრულ ათვისებას, თუმცა გაფართოებაზე საუბარი ნაადრევია“, - მიიჩნევს არჩილ მამათელაშვილი.

LNG ტერმინალი - არის თუ არა გაზსადენების გაფართოების ალტერნატივა?

ევროპის გაზის მოხმარების სტრუქტურა აჩვენებს, რომ 2023 წელს ევროკავშირმა სხვადასხვა ქვეყნიდან 290 მლრდ კუბ.მეტრი გაზი შეიძინა, ეს 2022 წლის მაჩვენებელზე 13%-ით დაბალი იყო. ამასთან ჯამურ იმპორტში 42% გათხევადებულ გაზზე მოდიოდა.

არის თუ არა გაზსადენების ალტერნატივა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ექსპორტისთვის მისი გათხევადება? ეს შესაძლებელია, თუმცა აქაც მასშტაბურ ინვესტიციასთან გვექნება საქმე.

"აზერბაიჯანისთვის ამ შემთხვევაში ოპტიმალურია LNG საწვავის ექსპორტი საქართველოს გავლით მოხდეს. ამ შემთხვევაში ალბათ, გაზი მილსადენით უნდა მივიდეს შავი ზღვის სანაპიროზე, სავარაუდოდ, ანაკლიამდე, სადაც პორტთან ერთად უნდა განთავსდეს თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი, სადაც მოხდება გაზის გათხევადება და მისი ტრანსპორტირება. ეს არის ერთ-ერთი ალტერნატივა და ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, თუმცა ორივე პროექტს დრო და მნიშვნელოვანი ინვესტიციები დასჭირდება. რომ შევაჯამოთ, იმ შემთხვევაში მოხდება გაზის ახალ პროექტებში ინვესტირება, თუ ევროპა ცალსახად იტყვის, რომ მე ეს გაზი სჭირდება, თუ აიღებს დამატებით ვალდებულებას ფინანსური კუთხით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს გავლით გაზის გათხევადების პროექტი, თუ გაზსადენების გაფართოება რეალური არ იქნება“, - ამბობს ენერგეტიკოსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები