"ჩვენი მიზანია გაორმაგდეს აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება და ამ მიმართულებით მივდივართ", - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში გაზის ექსპორტის ზრდა სამხრეთის გაზის დერეფნის და მისი ინტერკონექტორების მეშვეობით იგეგმება.
„2021 წელს ჩვენ 8 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გავიტანეთ ევროპაში. წელს მხოლოდ ევროპაში დაახლოებით 13 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავა. ექსპორტის საერთო მოცულობა კი 25 მილიარდი კუბური მეტი იქნება.
2027 წლის ბოლომდე ჩვენ ევროპაში ექსპორტს 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზრდით. ამ რესურსების ევროპაში მიწოდება იგეგმება არსებული სატრანსპორტო ქსელის - სამხრეთის გაზის დერეფნისა და მისი ინტერკონექტორების მეშვეობით", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ცნობისთვის, სამხრეთის დერეფნის ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების ახალი მარშრუტის ჩამოყალიბების მიზნით 2009-2010 წლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის რეალიზაციაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის და შავი ზღვის გავლით (გათხევადებული ფორმით) რუმინეთში და შემდგომ ევროპის ბაზარზე გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.