თავშესაფრებზე რომ დაიწყეს საუბარი, კარგია, რადგან დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობ. არავინ ამახვილებდა ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომლებიც თავშესაფრებშია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანი აცხადებს, რომ თავშესაფრებთან დაკავშირებით მის განცხადებაზე ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი.
„თითქოს, ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემს მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი“, – განაცხადა იოსელიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.
საქმე ის არის, რომ იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ახსენა ლოკაცია, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლი ადამიანების თავშესაფარია. ვიდეო 24 საათის განმავლობაში იყო ტელევიზიის და იოსელიანის გვერდზეც, თუმცა საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, გუშინ, გვიან ღამით ორივემ წაშალა.