მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჟიოტაჟის და აპოკალიფსის მოლოდინის საფრთხე არ არის“ - იაკობიძე საწვავის გაძვირებაზე

სენტა პეტროლიუმი

ადგილობრივ ბაზარზე არსებული დეფიციტის ამოვსების მიზნით, რუსეთმა 21 სექტემბრიდან საწვავის ექსპორტი დროებით აკრძალა. გადაწყვეტილება რუსეთის ნავთობპოდუქტებზე დამოკიდებულ მთელ რიგ ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოზე უარყოფითად აისახება. მოსალოდნელია, რომ ფასები ბენზინზე და დიზელზე გაძვირდება, რადგან ევროპული საწვავი რუსულთან შედარებით ამ ეტაპზე უფრო ძვირი ღირს.

„სენტა პეტროლიუმის“ დირექტორი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ფასის ზრდა ქართულ ბაზარზე რუსეთის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების და მოპოვების შემცირების ფონზე აგვისტოდან დაიწყო. გარკვეული დეფიციტის გაჩენის გამო ამ პერიოდში ფასის ზრდა საბითუმო ბაზარზე 50 თეთრის ფარგლებში უკვე დაფიქსირდა. სწორედ ამიტომ იაკობიძე ამბობს, რომ დღეს ფასების განსაკუთრებული ზრდის მოლოდინი აღარ არსებობს.

„აკრძალვის შესახებ დადგენილების მიღებამდე, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები გაზრდილი იყო. იცით, რომ აგვისტოდან იყო მოწოდებაში შეზღუდვა, რამაც გამოიწვია დეფიციტი და დეფიციტი იწვევს ფასის ზრდას. აგვისტოდან დღემდე საბითუმო ბაზარზე თითქმის 50 თეთრით მოიმატა ფასმა.

რაც შეეხება კითხვას მოლოდინებზე, რუსეთის ბაზრიდან მალე აღდგენის მოლოდინი პირადად მე არ მაქვს. ჩვენი ქვეყანა იძულებული გახდება გადაეწყოს ალტერნატიულ ბაზრებზე, ეს არის თურქმენეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ეს შეიძლება იყოს ბელარუსიაც. ამ შემთხვევაში ქართულ ბაზარზე ფასები იქნება საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ფასებთან მიახლოებული. აჟიოტაჟის და აპოკალიფსის მოლოდინის საფრთხე არ არის, თუ საერთაშორისო ბაზარზე ფასები შემცირდება, მაშინ ზრდა საერთოდ არ იქნება. თუ ის დარჩა რაც ახლაა, მაშინ ეს ფასებიც შესაძლოა დიდად არ შეიცვალოს.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ დღეისათვის ნავთობპროდუქტების ფასები პლატცის მიხედვით 944$-ია ბენზინის და 965$ დიზელის შემთხვევაში. ბოლო პერიოდში რუსული საწვავის ფასი იყო 850$-ის ფარგლებში. ამას მატებოდა დეფიციტის საფრთხეც, რაც ფასს ზრდიდა. დეფიციტი რომ არ ყოფილიყო, ფასები ასე არ გაიზრდებოდა. აქედან გამომდინარე, თუ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები შენარჩუნდა, დღეს რაც არის ბაზარზე, ამაზე უფრო მეტი გაზრდა ალბათ არ ან მცირედით მოხდება. თუ შემცირდება საერთაშორისო ბაზარზე მაშინ პირიქით, შესაძლოა კლებასაც ველოდოთ,“ - განაცხადა Senta Petroleum-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ზაალ იაკობიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები