კონკურენციის სააგენტოს საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, ივნისიდან ფასი 15 თეთრზე მეტად გაიზარდა.
ანგარიშში წერია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საწვავის ფასების როგორც შემცირება, ასევე ზრდა თანხვედრაში იყო საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებთან და იმპორტირებული საწვავის ფაქტობრივ ღირებულებასთან - კომპანიების მარაგების და ლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.
კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში შეცვლილია საწვავის იმპორტის გეოგრაფიაც. მნიშვნელოვნად იკლო რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის მოცულობებმა, რადგან ჩრდილოელმა მეზობელმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი შეზღუდა.
"სენტა პეტროლიუმის" დირექტორი გვიხნის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები იკლებს, მაგრამ იმის გამო რომ საქართველოს ახალი ბაზრებიდან საწვავის იმპორტი უფრო ძვირი უჯდება, ადგილობრივ ბაზარზე ბენზინსა თუ დიზელზე ფასების შემცირების წინაპირობა არ ჩანს.
“დღეისათვის საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლება შეინიშნება, განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ეს არის ნავთობზე, იგივე პლატცის მონაცემები უფრო დაბალია. მაგრამ, ვინაიდან რუსეთიდან კონკრეტულად ბენზინის შემოტანა არის აკრძალული, მათ თვითონ აქვთ დეფიციტი ბენზინიც ამან ახლა ასახვა ჰპოვა საქართველოს ბაზარზე, იმიტომ, რომ აკრძალულია იმპორტი რუსეთიდან და იძულებით მოხდა გადართვა სხვა ქვეყნებზე, სხვა ქვეყნებზე.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების ფასებს, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა პლატცის დაწევა, შესასყიდი ფასები, დღეს უფრო მაღალია სხვა ქვეყნებიდან, ვიდრე რუსეთის ბაზარზე იყო აქამდე, აქედან გამომდინარე, საქართველოს ბაზარზე ფასების კლების კუთხით ცვლილება არ მომხდარა.
რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენ სრულიად დამოკიდებული ვართ იმპორტზე, იმ ქვეყნებზე, რომლებიც საიდანაც ხდება მოწოდება, ეს არის ძირითადად რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იყო კიდე თურქმენეთი ამ პერიოდში ხოლმე, მაგრამ დღესდღეობით პრაქტიკულად აღარ შემოდის თურქმენეთიდან საწვავი. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, შემოტანა გაცილებით უფრო მაღალ ფასად ხდება, ვიდრე ეს რუსეთის ბაზარზე იყო. შესაბამისად, მოლოდინები მაინცდამაინც არ ჩანს, რომ ფასის კუთხით რამე ცვლილება იქნება,”- ამბობს სენტა პეტროლიუმის დირექტორი ზაალ იაკობიძე.




























