გასულ კვირას ინტენსიურმა წვიმამ და წყალდიდობამ ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ატრაქციაზე შეფერხებები გამოიწვია. 70 000-ზე მეტმა ადამიანმა ნევადას უდაბნოში გამართული ფესტივალი - Burning Man - მიატოვა. ეს ერთ-ერთი ბოლო მაგალითია იმისა, როგორი მასშტაბური გავლენა აქვს ამინდის პირობებს ცნობილ ატრაქციონებსა და თემატურ პარკებზე.
ჩრდ. ამერიკის თემატური პარკების ყველაზე მასშტაბურ კომპანიების, Six Flags-ის, SeaWorld-ისა და Cedar Fair-ის გაყიდვები ექსტრემალური ამინდის, მათ შორის წყალდიდობების, კალიფორნიაში რეკორდული სიცხისა და ტყის ხანძრების გამო დაეცა. ფლორიდაში დაფიქსირებული თბური ტალღების გამო კი Disney World-სა და Universal-ში მიმართვიანობა შემცირდა.
მაგალითად, კომპანია Cedar Fair-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათი მართვის ქვეშ მყოფ Wonderland-სა და Knott’s Berry Farm-ში ექსტრემალური სიცხისა და ტყის ხანძრების გამო გასულ ზაფხულს ვიზიტების რაოდენობა 300 000-ით შემცირდა. SeaWorld-ში კი მომართვიანობა მეორე კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2%-ით დაეცა.
ატრაქციონების პარკები ამინდზე არიან დამოკიდებული, კლიმატის ცვლილება კი მათ ბიზნესს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. თემატური პარკები ამ გამოწვევას დახურულ სივრცეში ატრაქციონებისა და გაიაფებული საფასო პოლიტიკით ებრძვიან. SeaWorld-ის ფინანსური მენეჯერის თქმით, ბოლო წლებში კომპანიას ფლორიდაში, ტეხასსა და ვირჯინიაში ზოგიერთი ფილიალის დახურვაც მოუწიათ.
საწარმოები, რომლებიც თემატურ პარკებში ატრაქციონების მოწყობაზე არიან პასუხისმგებლები, ახალი საქანელების დიზაინში ფოლადის წილს ზრდიან, რათა ატრაქციონმა ცხელ ამინდებს უკეთ გაუძლონ. გარდა ამისა, პარკების უმეტესობა ვიზიტორებს, ამინდის გაუარესების შემთხვევებში, შემდეგი ვიზიტისთვის უფასო ბილეთებს სთავაზობს, რაც იმასაც ადასტურებს, რომ პარკების ადმინისტრაციები მომავალში ვიზიტორების რაოდენობის კლებას ელიან.