ტურისტული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, აზიის ქვეყნების მიმართულებით ავიაბილეთები გაძვირდა.
როგორც Check in Travel-ში BMG-ის განუცხადეს, ყველაზე მეტად იმ მიმართულებებზეა ავიარეისები გაძვირებული, რომლებიც დოჰას და დუბაის აეროპორტების გავლით სრულდებოდა.
კომპანიის დირექტორის, ლევან ოსეფაიშვილის თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე ავიაკომპანიებს ალტერნატიული მარშრუტების მოძიება დასჭირდათ, რამაც ფრენებზე ფასები გაზარდა.
“[აზიის ქვეყნების მიმართულებით] ავიაბილეთები გაძვირდა. იმიტომ რომ მაგალითად ტაილანდის, მალდივები, შრი-ლანკა მიმართულებით ძირითადად ყველაზე კარგად ტრანზიტულად დოჰა ან გაერთიანებული საამიროები გამოიყენებოდა. ასეთი აწყობილი რეისები ევროპიდან არ ხორციელდებოდა. იმიტომ რომ ბუნებრივია, [დოჰას ან გაერთიანებული საამიროების] გავლით აღარ ხორციელდება რეისები და ძირითადი დატვირთვა წამოვიდა, მაგალითად ტაილანდიდან რომ ავიღოთ, ყაზახეთის გავლით, თურქეთის გავლით, სტამბოლის გავლით და საკმაოდ გაძვირდა ამ შემთხვევაში. ეს პირველი რიცხვები, მით უმეტეს მარტის დაახლოებით 15-20 რიცხვამდე ძალიან გაზრდილია ავიაბილეთების ფასები.
სხვათა შორის ამ [აზიის] მიმართულებებზე არის მოთხოვნა. იწერებიან ჩვენთან, რეკავენ, მოთხოვნა არის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუხსნით, რომ ამ ეტაპზე თავი შეიკავონ ჯერჯერობით, იმიტომ რომ ბუნებრივია არ არის უსაფრთხო. ამიტომ ვურჩევთ, რომ უფრო ოპტიმალური ვარიანტი შევთავაზოთ და გადავამისამართოთ სხვა ქვეყნებზე”, - განაცხადა ლევან ოსეფაიშვილმა.




























