მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზიის მიმართულებით [ქართული მოცვის] ექსპორტის ლოგისტიკა გამოწვევაა - Keystone Agro

მოცვი

ქართული მოცვის მწარმოებელი კომპანია Keystone Agro 2025 წელს პოზიტიურად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოსთვის აზიის მიმართულებით ექსპორტის ლოგისტიკა იყო. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა თორნიკე ფანჯავიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე განმარტებით, საქართველოს არ გააჩნია შესაბამისი სამაცივრე ინფრასტრუქტურა, რომელიც შორ მანძილზე გადაზიდვას უზრუნველყოფს.

„2025 წელი წარმატებული იყო – პირველად დავტესტეთ ჩვენი სამაცივრე ინფრასტრუქტურა და მრავალი ბაზარი მოვიცავით, მათ შორის აზიის ქვეყნებიც. თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ლოჯისტიკაა. ჩვენს საჰაერო გადაზიდვებს განვითარებული ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, რის შედეგადაც პროდუქციის ხარისხი ფუჭდება. ინდოეთში სატესტო ექსპორტი პოზიტიურად შეაფასეს, თუმცა გადაზიდვისას პროდუქციის 15–20% შესაბამისი ხარისხით ვერ ჩადის”, – აღნიშნა ფანჯავიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად ვიეტნამში, სამხრეთ კორეასა და სინგაპურში დაინტერესებისა, დღევანდელი ლოგისტიკური შესაძლებლობები საკმარისი არ არის.

„ჩვენ ჯერ არ გვაქვს მაღალი ტექნოლოგიების ქართული ტერმინალი, რომელიც პროდუქტის სტაბილურობას გრძელი გზის განმავლობაში და სრულ ცივ ჯაჭვს უზრუნველყოფს. მაგალითად, ინდოეთის ექსპორტის დროს პროდუქტი „დატალოგერთან“ ერთად გაიგზავნა და ტემპერატურა 34 გრადუსამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ცივი ჯაჭვი დაირღვა. მომავალში ვმუშაობთ ალტერნატიული გზების გამოსავლენად, მაგალითად, Turkish Airlines-ის მეშვეობით სტამბოლის მარშრუტით გადაზიდვის განხორციელებაზე“, – აცხადებს ფანჯავიძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის გაყიდვების 99% ექსპორტზე მოდის, ხოლო გასულ წელს, პროდუქცია რვა ქვეყანაში გავიდა. ფანჯავიძის განმარტებით, ევროპაში პრობლემები შედარებით მცირეა, რადგან მანქანით გადაზიდვა უფრო მარტივია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები