მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზოტოვანი სასუქების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 40.7%-ით შემცირდა - „რუსთავის აზოტი“ მიზეზებზე

რუსთავის აზოტი აზოტოვანი სასუქები

აზოტოვანი სასუქების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. 2023 წლის 9 თვეში ექსპორტზე საქართველოდან 123 მლნ დოლარის ღირებულების სასუქები გავიდა, 40.7%-ით ნაკლები გასული წლის 9 თვის მონაცემთან შედარებით, როდესაც აზოტოვანი სასუქების ექსპორტიდან შემოსავლები 207 მლნ დოლარს აღემატებოდა. საქსტატის მონაცემებით, მთავარი საექსპორტო ბაზარი პერუა, სადაც 44.49 მლნ დოლარის პროდუქცია გაიგზავნა. საექსპორტო ბაზრების ტოპ სამეულშია რუმინეთი - 17.9 მლნ-ით და ტანზანია, სადაც საქართველოდან 8.6 მლნ დოლარის აზოტოვანი სასუქები გაიგზავნა. მთავარ საექსპორტო ბაზრებს შორისაა პანამა და ინდოეთი.

რუსთავის აზოტის გენერალური დირექტორის განცხადებით, ექსპორტი მოცულობაში გაზრდილია, თუმცა რადიკალურად შემცირებულია ღირებულება, რისი მთავარი მიზეზიც საერთაშორისო ბაზარზე რუსი მწარმოებლების დემპინგური ფასებით ოპერირება, ძირითად ნედლეულზე - ანუ ბუნებრივ აირზე დაბალი ფასი და აზოტოვანი სასუქების მოხმარების სეზონურობაა.

„გასული წლის 10 თვის განმავლობაში ჩვენ 320 ათას ტონაზე მეტი ამონიუმის ნიტრატის ექსპორტი განვახორციელეთ, ხოლო წელს 350 ათას ტონაზე მეტია ექსპორტირებული, თუმცა თანხაში სხვა სურათი გვაქვს. 2023 წლის იანვარში მოხდა არა მხოლოდ ფასების შემცირება აზოტოვანი სასუქებზე, არამედ ფაქტობრივად ჩამოიშალა ფასები. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომი და ამ ომის შედეგად რუსეთის ეკონომიკისთვის დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციები, რის შედეგადაც რუსი მწარმოებლები იძულებული შეიქმნენ და დემპინგურ ფასებად დაიწყეს პროდუქციის რეალიზაცია ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორიცაა ბრაზილია, პაკისტანი, ინდოეთი.

მათ აქვთ საშუალება დემპინგურ ფასებად მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია, ვინაიდან აზოტოვანი სასუქების წარმოებაში ძირითადი ნედლეული ბუნებრივი აირია, რუსეთს კი თავისი ბუნებრივი აირი გააჩნია, ამიტომ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება ჩვენთან შედარებით გაცილებით დაბალია.

როცა ხდება დემპინგურ ფასებად პროდუქციის რეალიზაცია ასეთ დიდ ბაზრებზე, ეს მსოფლიო სხვა ბაზრებზე ფასს წევს დაბლა. რაც შეეხება მეორე მიზეზს, ძირითადი ნედლეული არის ბუნებრივი აირი, რაც გასულ წელთან შედარებით გაიაფებულია მნიშვნელოვნად. ამან გამოიწვია საბოლოო პროდუქტის გაიაფება.

კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ აზოტოვანი სასუქები სეზონური პროდუქტია და ზაფხულში პრაქტიკულად ნულზეა მოთხოვნა დასული. ამ ფაქტორებმა განაპირობა, რომ მთელი წლის განმავლობაში გვიწევს დრამატულად შემცირებული ფასების პირობებში მუშაობა“,- აცხადებს ლევან ბურდილაძე.

მისი თქმით, დღესდღეობით ერთი ტონა ამონიუმის გვარჯილას ღირებულება 250 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება მთავარ საექსპორტო ბაზრებს, ლევან ბურდილაძის თქმით, „რუსთავის აზოტისთვის იყო და დღემდე რჩება სტრატეგიულ ბაზრებად ევროკავშირის ქვეყნები.

„ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია თავისუფალია ანტიდემპინგური და საბაჟო მოსაკრებლისგან ევროკავშირის ქვეყნებში და ეს გვანიჭებს პრივილეგიებს იგივე რუს მწარმოებლებთან მიმართებითაც. სტრატეგიული მიმართულებებია ასევე ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, აფრიკის ქვეყნები და აზიის ქვეყნები, მაგალითად ინდოეთი, სადაც ვახდენთ აზოტოვანი სასუქების რეალიზაციას“,- განმარტავს ბურდილაძე.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით ამ დრომდე გაჩერებულია უკრაინის მიმართულებით ექსპორტი, რაც „რუსთავის აზოტისთვის“ ომამდე „პრემიალური“ ბაზარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები