„რუსთავის აზოტის“ მმართველი კომპანია „ინდორამა კავკასუსის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბურდილაძის ინფორმაციით, კომპანიის შემოსავლები ბოლო ერთი წლის განმავლობაში 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ექსპორტით მიღებული შემოსავლების შემცირებაზე საუბრისას განაცხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში, აზოტოვანი სასუქების ექსპორტით მიღებული შემოსავალი 45 მილიონ 447 ათას დოლარამდე შემცირდა, გაყიდული საქონლის მოცულობა კი 33.8%-ით 176 310 ტონამდე გაიზარდა. იანვარ-აპრილში აზოტოვანმა სასუქებმა მთლიან ექსპორტში 2.5%-იანი წილით, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში აზოტოვანი სასუქები სულ 16 ქვეყანაში გაიყიდა.
ლევან ბურდილაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შემცირდა ექსპორტის ღირებულება, მოცულობები კი გაზრდილია და კომპანიაც სრული დატვირთვით მუშაობს. გლობალურად აზოტოვანი სასუქების გაიაფების გამო კი კომპანიას ფასების კლების პირობებში თვითღირებულების ზღვარზე უწევს ოპერირება.
„დღეს ერთი ტონა ამონიუმის ნიტრატის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 230-250 დოლარის ფარგლებშია, რაც გასული წლის დასაწყისში 50-60 დოლარით მეტი იყო. ფაქტობრივად, ახლა თვითღირებულების ზღვარზე ვმუშაობთ და მოგების მარჟაზე საუბარიც არ არის.
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ „რუსთავის აზოტის“ პროდუქტის ექსპორტი განთავისუფლებულია სხვადასხვა სახის გადასახადისგან, რაც ჩვენ გარკვეულ უპირატესობებს გვანიჭებს. ფასების კლების პირობებში ამის გარეშე აქამდე მოსვლა ძალიან გაგვიჭირდებოდა. ამ უპირატესობის ხარჯზე ევროკავშირი იყო, არის და იქნება სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზარი. ჩვენი ექსპორტის 40% მიდის ევროკავშირზე მოდის, 20% მოდის აზიის ქვეყნებზე, 14% ეს არის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, აფრიკის ქვეყნებზე კი 12% მოდის.
ჩვენი შემოსავლები გასულ წელთან შედარებით 50%-ითაა შემცირებული. დღეისთვის ჩვენ ფაქტობრივად თვითღირებულების ზღვარზე ვმუშაობთ და კომპანია საოპერაციო მოგებას ვერ წერს. თუმცა ისიც შეღავათია, რომ ზარალზე არ გვიწევს მუშაობა“, - აცხადებს ბურდილაძე.
„რუსთავის აზოტის“ მმართველი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, გლობალურად აზოტოვანი სასუქების გაიაფების მიზეზებს განმარტავს. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზეზი რუსულ პროდუქტზე დემპინგური ფასები, მეორე კი ევროპული წარმოებების სრული დატვირთვით ამოქმედებაა.
„აბსოლუტურ მაჩვენებელში იანვრიდან მოყოლებული ივნისის თვემდე წლიურად ექსპორტი მოცულობებში გაზრდილია. წელს ჩვენ 185 000 ტონა ამონიუმის ნიტრატის ექსპორტი განვახორციელეთ, მხოლოდ გასულ წელს ექსპორტის მოცულობა 162 000 ტონა იყო. ანუ წელს ექსპორტი 23 000 ტონით მეტია. თუმცა ვალუტაში ექსპორტი შემცირებულია და ამის ერთადერთი მიზეზი აზოტოვანი სასუქების ფასების დრამატული შემცირებაა. 2023 წლის იანვარში აზოტოვანი სასუქებზე ფასების არამხოლოდ შემცირება მოხდა, არამედ ერთიანად ჩამოიშალა ფასები 2 კვირაში და ჩვენდა სამწუხაროდ, ფასების კლების ტენდენცია დრემდე შეინიშნება, ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ვალუტაში დაკონვერტირებული ექსპორტი შემცირებულია.
მსოფლიოში აზოტოვანი სასუქების დრამატულ ვარდნას რამდენიმე მიზეზი აქვს. ყველაფერი მსოფლიოში შექმნილი ურთულესი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი წვლილი რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორმა შეიტანა. ის სანქციები, რომლებიც ევრო-ატლანტიკურმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს, აიძულა რუსეთს აიძულა თავისი პროდუქცია დემპინგურ ფასად გაეყიდათ. რუს მწარმოებლებს დემპინგური ფასების გამოყენების ფუფუნება აქვთ, რადგან აზოტოვანი სასუქების წარმოებაში ძირითადი ნედლეული ბუნებრივი აირია. რუსეთს გაზის და სხვა ნედლეულის საკუთარი რესურსები გააჩნია. აქედან გამომდინარე რუსული წარმოების სასუქების ფასები 2.8%-ჯერ ნაკლებია ჩვენი პროდუქციის თვითღირებულებასთან შედარებით. ეს მათ აძლევთ საშუალებას, დემპინგურ ფასებს მიმართონ. დემპინგური ფასების გამოყენება მსოფლიო ბაზარზე ახდენს გავლენას და ფასს დაბლა ქაჩავს.
მეორე მიზეზი ევროპულ ბაზარზე ბუნებრივ აირზე ფასების შემცირებაა, რამაც ევროპელი მწარმოებლები წარმოებების სრული დატვირთვის ამოქმედებისკენ წაახალისა. ამ სიტუაციამ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. მანამდე თუ რუსულ სასუქთან კონკურენციის გაწევა გვიწევდა, ახლა უკვე ევროპული წარმოების სასუქიც ჩვენი კონკურენტი გახდა“, - განმარტავს ლევან ბურდილაძე.