მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაბალეს წინდების“ გაყიდვა Amazon-ზეც დაიწყო

6128daf818808
თამთა ჯიჯავაძე
29.08.21 13:30
1165
სოციალური საწარმო „ბაბალეს წინდის“ პროდუქცია Amazon-ზე გაიყიდება. როგორც საწარმოს დირექტორმა ლია ტაბატაძემ bm.ge-ს განუცხადა, ბაბალეს წინდები amazon.co.uk-ზე რამდენიმე დღის წინ განათავსეს. უახლოეს დღეებში კი პროდუქცია უკვე amazon.com-ზეც გამოჩნდება.

„სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრს პანდემიის პირობებში სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის გრანტი ჰქონდა გამოცხადებული, სადაც განაცხადი ჩვენც შევიტანეთ. შედეგად, 18 000 ლარის ოდენობის გრანტი მოვიგეთ, რის საშუალებითაც მოვახერხეთ, რომ ჩვენი წინდები amazon.co.uk-ზე განგვეთავსებინა. გარდა ამისა, დავამატეთ ახალი დიზაინის წინდებიც. მანამდე გვქონდა 11 დიზაინის წინდა, ახლა კი უკვე 17 გვაქვს“, - განაცხადა ლია ტაბატაძემ.

ცნობისთვის, „ბაბალეს წინდების“ წარმოება 2019 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საწარმო „ბაბალემ“, რომელიც სხვადასხვა აქსესუარს და სუვენირს აწარმოებს, „საქართველოს ბანკის“ 50 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა, თუმცა პანდემია მალევე დაიწყო, რამაც მათი წარმოება და გაყიდვები შეაფერხა.

„შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მძიმე ეკონომიკური კრიზისი წინდებმა გადაგვალახვინა. სწორედ წინდები იყო ერთადერთი პროდუქტი, რომელიც იმ პერიოდში მოთხოვნადი იყო. შემდეგ დავიწყეთ ფიქრი ექსპორტზეც, რომელიც მანამდე შორეული მომავლის გეგმა იყო. პანდემიამ კი ეს პროცესი დაგვაჩქარებინა და როგორც ხედავთ, უკვე Amazon-ზე დავიწყეთ გაყიდვები“, - ამბობს ლია ტაბატაძე.

ბაბალეს ნაწარმის და მათ შორის წინდების რეალიზაცია საქართველოში ფეისბუქ-გვერდების, ასევე ონლაინმაღაზია babale.ge-ს საშუალებით ხდება. გარდა ამისა, მათი შეძენა შესაძლებელია სხვა ონლაინვაჭრობის პლატფორმებიდანაც.

როგორც საწარმოს დირექტორმა აღნიშნა, ამ დრომდე 30 000-მდე წყვილი წინდის წარმოება შეძლეს, თუმცა იმედი აქვთ, რომ Amazon-ზე გასვლის შემდეგ, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ბაბალეს საწარმოს მიზანია, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები უფრო რეალიზებული გახადოს, რათა მათ დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლონ. წინდებზე დატანილი ნახატები სწორედ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეკუთვნით.

„ბაბალეს წინდის“ ფასი საქართველოში 10 ლარია, ხოლო Amazon-ზე წინდები 3-3 წყვილად იყიდება და დიდი ბრიტანეთში - 19.5 ფუნტი, ხოლო აშშ-ში $19 ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები