ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მილიარდერმა პოლიტიკოსმა, ანდრეი ბაბიშმა სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკებები თითქმის დაასრულა. მისი პარტია ANO, საპარლამენტო უმრავლესობას ულტრა-მემარჯვენე პარტია SPD-სთან, ასევე მემარჯვენე პარტია “მოტორისტებთან” შეკრავს. ჯამურად, მათ საკანონმდებლო ორგანოში 108 მანდატი ექნებათ, რაც 200 დეპუტატისგან შემდგარ პარლამენტში უმრავლესობის ფორმირებისთვის საკმარისი რაოდენობაა.
სამი პარტიის პოლიტიკური პარტნიორობა ოფიციალურად დეკემბრის შუა რიცხვებში გაფორმდება. თუ მემარჯვენე კოალიცია ერთიანობის შენარჩუნებას შეძლებს, მათ ხელისუფლებაში დარჩენა 2029 წლამდე შეეძლებათ. პოლიტიკის ანალიტიკოსების შეფასებით, ANO-ს, SPD-სა და “მოტორისტების” გაერთიანება მეტი აქცენტის საშინაო პოლიტიკაზე გადატანას მოასწავებს. ამასთან, ქვეყნის პრიორიტეტი აღარ იქნება საგარეო სამხედრო დახმარებების გაწევა და კლიმატის ცვლილება.
კოალიციის ლიდერები პირობას დებენ, რომ წინა ადმინისტრაციის დროს დანერგილ არაერთ პრაქტიკას გააუქმებენ. მათ შორის, შეაჩერებენ უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებას, შეეწინააღმდეგებიან ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკას და გამოვლენ “მწვანე შეთანხმებიდან”, რაც წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ტრანსპორტის ბაზარზე დაბრუნებას შეუწყობს ხელს.
ჯერჯერობით უცნობია, რა ნაბიჯს გადადგმას ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი, რომელსაც კოალიციისთვის პრობლემების შესაქმნელად არაერთი ბერკეტი აქვს. მათ შორის, სამთავრობო კაბინეტში კონკრეტული მინისტრების დანიშვნის დაბლოკვა. ამასთან, საინტერესოა, როგორი იქნება მისი პოზიცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეწყვეტასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, 2024 წელს სწორედ პაველის ინიციატივით შეიკრა უკრაინის მხარდამჭერი სამხედრო კოალიცია.



























