მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაჩიაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს 19:00 საათზე გაიმართება

64a6b89f3597d
მარიამ ვარადაშვილი
06.07.23 16:54
1734
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. როგორც BMG-ის თბილისი საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს, პროცესი 19:00 საათზეა ჩანიშნული.

ჯერჯერობით უცნობია აღკვეთის ღონისძიების ზომად პროკურატურა რას მოითხოვს. 

დღეს პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო.

პროკურატურის განცხადებაში საუბარია მითვისებულ 8 253 ბიტკოინზე, რომელთა ღირებულებაც იმ პერიოდში 39 მილიონი დოლარი იყო. [დღევანდელი კურსით ეს პორტფელი 258 მილიონი დოლარი ღირს].

თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბაჩიაშვილი ფონდის დაარსებიდან, 2013 წლიდან 6 წლის განმავლობაში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, მან გადაინაცვლა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, სადაც ზედამხედველობას უწევს ფონდის მანდატის შესაბამისად მუშაობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები