მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაჩიაშვილის საქმეზე პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის კერძო ინტერესების სამსახურში არიან - TI

ბიძინა ივანიშვილი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ე.წ კრიპტოვალუტის საქმეზე ვრცელ მასალას აქვეყნებს სახელწოდებით "ბაჩიაშვილის საქმე: პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის კერძო ინტერესების სამსახურში".

მასალაში დეტალურად არის აღწერილი, ბაჩიაშვილის ბიოგრაფია და მისი კვეთა ივანიშვილთან, ივანიშვილის ბრალდება ბაჩიაშვილის მიმართ, პროკურატურის მიერ ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება, ბაჩიაშვილის პოზიცია და საქმეში არსებული და არარსებული დოკუმენტური და სხვა მტკიცებულებები.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ, საქმეში ბრალდების მხარის პოზიცია სუსტია.

"მთავარი კითხვა, რომელიც ამ საქმეში ღიად რჩება, არის ის, წარმოადგენდა თუ არა ბაჩიაშვილის კომპანიისთვის „ქართუ ბანკის“ მიერ გაცემული 5 მილიონი აშშ დოლარის სესხი ივანიშვილის „ინვესტიციას“ ბიტკოინებში, რომლის სანაცვლოდაც ბაჩიაშვილი ვალდებული იყო ივანიშვილისთვის გადაეცა ამ თანხის პროპორციულად გამომუშავებული ბიტკოინები. შემდეგი გარემოებები მიუთითებს, რომ ეს ასე არ არის ან, ყოველ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით დაარწმუნებდა „ობიექტურ დამკვირვებელს“, რომ ივანიშვილს მართლაც ჰქონდა განხორციელებული ინვესტიცია".

პუნქტობრივად სუსტ პოზიციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ასე აღწერს:

  1. საქმეში არ არის ინვესტიციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება;
  2. ივანიშვილის „ინვესტიციის“ შესახებ მიუთითებენ მხოლოდ თვითონ ივანიშვილი და მისი „ხელქვეითებ“;
  3. ბაჩიაშვილის კომპანიისათვის სესხად გაცემული 5 მილიონი აშშ დოლარი ივანიშვილის საკუთრება არ იყო და ვერ იქნებოდა;
  4. არ არსებობს „მითვისების“ და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის“ შემადგენლობა;
  5. საუკეთესო შემთხვევაში ბრალდების მიერ მითითებული გარემოებები შეიძლებოდა ყოფილიყო სამოქალაქო დავის საგანი.

რაც შეეხება, ივანიშვილის წინადადება საქმის “მორიგებით” დასრულების თაობაზე

TI-ის ცნობით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მორიგების გამო. ამდენად, თუნდაც ბაჩიაშვილს მიეღო ასეთი წინადადება, კანონით, მის მიმართ დევნა ვერ შეწყდებოდა. სხვა საკითხია, რომ ივანიშვილის ნებასურვილით საქართველოში შეიძლება განხორციელდეს ყველაფერი. მაგალითად, პროკურორს შეეძლო, ივანიშვილის კარნახით, უარი ეთქვა სისხლისსამართლებრივ დევნაზე. შესაბამისად, ეს წინადადება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი გავლენა აქვს ივანიშვილს, მათ შორის, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე.

ასევე, მასალაში საუბარია საპროცესო ხასიათის პრობლემებზე.

ა) იყო თუ არა აუცილებელი და გამართლებული სხდომის დახურვა?

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართლიანი სასამართლო, მათ შორის, მოიცავს „საქმის საქვეყნოდ განხილვის“ უფლებას, იმ დათქმით, რომ „მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს.“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასამართლო სხდომების საქვეყნოდ ჩატარება წარმოადგენს ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც იცავს დავის მხარეებს საიდუმლო მართლმსაჯულებისგან, რომელიც საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე მიმდინარეობს. გარდა ამისა, ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება საზოგადოების ნდობის შენარჩუნება სასამართლოების მიმართ. მართლმსაჯულების განხორციელება, მათ შორის სასამართლო პროცესები, ლეგიტიმურობას იძენს საჯაროდ ჩატარების შედეგად. მართლმსაჯულების გამჭვირვალობის უზრუნველყოფით, საჯაროობა ხელს უწყობს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნის შესრულებას, კერძოდ, სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპია Belashev v. Russia, Application no. 28617/03, 4 December 2008, §79).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სხდომის ნაწილობრივ ან მთლიანად დახურვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ამას „მკაცრად მოითხოვს“ საქმის გარემოებები (Welke and Białek v. Poland, Application no. 15924/05, 1 March 2011, §74). ევროპული სასამართლოს ამოცანაა, დაადგინოს, იყო თუ არა სხდომის დახურვა „გამართლებული“ (იქვე, §75). გარდა ამისა, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, იყო თუ არა სხდომის დახურვა „მკაცრად აუცილებელი“ (იქვე, §76).

ევროპული სასამართლო ამ პრინციპების ერთგულია მაშინაც კი, როდესაც საქმე სახელმწიფო საიდუმლოებას ეხება. მხოლოდ ის გარემოება, რომ საქმის მასალები შეიძლება შეიცავდეს საიდუმლო ინფორმაციას, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სხდომა დაიხუროს პროცესის საქვეყნოობის პრინციპსა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესს შორის ბალანსის დაცვის გარეშე (Belashev v. Russia, §83).

მოცემულ შემთხვევაში, პროკურატურამ სხდომის დახურვა „კომერციული საიდუმლოების“ დაცვის აუცილებლობით მოითხოვა. ამასთან, არ მიუთითა, რაში მდგომარეობდა მოცემულ შემთხვევაში კომერციული საიდუმლოება. სასამართლომაც ისე დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ ასეთი ინტერესი მას არ გამოუჩენია.

კომერციული საიდუმლოების დეფინიცია მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, კომერციული საიდუმლოება არის „ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.“

გაუგებარია, ივანიშვილის, ხაინდრავას და გალუაშვილის საჯარო სხდომაზე დაკითხვა, რაც თითქმის ათი წლის წინ ბაჩიაშვილისთვის „ქართუ ბანკის“ სესხის გაცემასთან დაკავშირებულ გარემოებებს უნდა შეხებოდა, როგორ დაარღვევდა „ქართუ ბანკის“ კომერციულ საიდუმლოებას. მითუმეტეს გაუგებარია,ამ ჩვენებების საჯარო მიცემა როგორ დააზიანებდა „ქართუ ბანკის“ „კონკურენტუნარიანობას“ სხვა ბანკებთან მიმართებით.

პრაქტიკულად, ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ პირების დაკითხვის პროცესში სასამართლოს უნდა გამოერკვია, ის იყო, მართლაც არსებობდა სესხის ხელშეკრულების გარდა კიდევ რაღაც საინვესტიციო ხელშეკრულება ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის. მართალია, ივანიშვილიც და სხვებიც ამტკიცებენ, რომ ასეთი ხელშეკრულება არსებობდა, მათი ჩვენების დამაჯერებლობა, სარწმუნოობა და სინამდვილესთან შესაბამისობა დაკითხვის და, განსაკუთრებით, ჯვარედინი დაკითხვის პროცესში უნდა გამოვლენილიყო და სხდომის დახურვით საზოგადოებას და მედიას წაერთვა შესაძლებლობა დაკვირვებოდა ამ პროცესს.

აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით სასამართლომ ვერ დააკმაყოფილა სტრასბურგის სასამართლოს მიერ სასამართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით დადგენილი „გამართლებულობის“ და „მკაცრი აუცილებლობის“ კრიტერიუმები. საბოლოო ჯამში, იქმნება გონივრული ეჭვი, რომ სასამართლო სხდომის ნაწილობრივ დახურვა სინამდვილეში ემსახურებოდა სხვა მიზანს - რომ საზოგადოებას არ ჰქონოდა შესაძლებლობა სრულყოფილად დაკვირვებოდა პროცესს და შეჰქმნოდა სრული წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რამდენად საფუძვლიანი და დასაბუთებულია ივანიშვილის თეორია იმის თაობაზე, რომ მას რაიმე საინვესტიციო მონაწილეობა ჰქონდა ბიტკოინების მაინინგში.

ბ) არსებობდა თუ არა ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვის ლეგიტიმური მიზანი?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სადავო არ არის, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, მთლიანობაში აღქმული, უზრუნველყოფს ბრალდებულის უფლებას, ეფექტურად მონაწილეობდეს სისხლის სამართლის პროცესში. ეს უფლება მოიცავს, სხვა საკითხებთან ერთად, არა მხოლოდ მის უფლებას დაესწროს პროცესს, არამედ იმასაც, რომ მოისმინოს და გააანალიზოს მიმდინარე სასამართლო განხილვა. აღნიშნული უფლებები უშუალოდ გამომდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპიდან და ასევე შეიძლება მიღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (c), (d) და (e) ქვეპუნქტებიდან, რომლებიც ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას – „თავად დაიცვას თავი“, „დაკითხოს ან დააკითხვინოს მოწმეები“ და „ისარგებლოს უფასო თარჯიმნის დახმარებით“ (Stanford v. the United Kingdom, Application no. 16757/90, 23 February 1994, §26).

ერთ საქმეში, რომელშიც ბრალდებული ვიდეოჩართვის მეშვეობით მონაწილეობდა სასამართლო პროცესში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მონაწილეობა სასამართლო პროცესში ვიდეოკონფერენციის საშუალებით თავისთავად არ ეწინააღმდეგება კონვენციას, სასამართლოს ევალება უზრუნველყოს, რომ ამ ზომის გამოყენება ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდეს და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურები სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს შეესაბამებოდეს, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციის მე-6 მუხლში (Marcello Viola v. Italy, Application no. 45106/04, 5 October 2006, §67).

მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება არა ბრალდებულის - გიორგი ბაჩიაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო პროცესში, არამედ საქმის მთავარი მოწმის - ივანიშვილის დისტანციურ დაკითხვას. ამის მიუხედავად, ზემოთ მითითებული პრინციპი, რომ ვიდეოსაშუალებების გამოყენება ლეგიტიმურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურები სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს, ამ შემთხვევაშიც რელევანტურია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწმის სურვილზე იქნებოდა დამოკიდებული, ფიზიკურად გამოცხადდებოდა პროცესზე თუ დისტანციურად ჩართვას ამჯობინებდა. რაც არ უნდა დასაშვები იყოს ცალკეულ შემთხვევებში, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოწმის დისტანციურად დაკითხვა, ეფექტურობისა და ეფექტიანობის მხრივ ამგვარი რამ მის პროცესზე ფიზიკურად გამოცხადებასთან და დაკითხვასთან გაიგივებული ვერ იქნება.

შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია იმის შემოწმება, თუ რამდენად დასაბუთებული იყო ბრალდების აპელირება და სასამართლოს თანხმობა, რომ ივანიშვილი, ასაკის და უსაფრთხოების მოსაზრებით სასამართლოში ვერ გამოცხადდებოდა.

რაც შეეხება ასაკს, ივანიშვილი 2025 წლის 18 თებერვალს 69 წლის ხდება. ასაკი, რა თქმა უნდა, სოლიდურია, მაგრამ არც იმდენად ხანდაზმული, რომ სასამართლოში არგამოცხადების საფუძველს იძლეოდეს. ამასთან, ივანიშვილი სავსებით ენერგიულად გამოიყურება, მას არც გადაადგილება უჭირს და არც გარეშე ფაქტორებზე ადეკვატურად და სწრაფად რეაგირება. უსაფრთხოების ფაქტორზე პროკურატურის მითითება ასევე სრულ გაუგებრობას იწვევს, რადგან საუბარია ადამიანზე, რომელსაც ემორჩილება მთელი სახელმწიფო მანქანა, სამართალდამცავი სტრუქტურების ჩათვლით, რომელიც მთელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში სიტყვით გამოდიოდა ღია სივრცეებში გამართულ მასობრივ საარჩევნო მიტინგებზე, სადაც მის უსაფრთხოებას პოტენციურად ყველაზე მეტი საფრთხე შეიძლებოდა დამუქრებოდა. დახურულ სასამართლო სივრცეში, სადაც ყოველი ადამიანის შესვლა, მათ შორის მეტალოდეტექტორის და სკანერის მეშვეობით, ისედაც რუტინულად კონტროლდება დაცვის სამსახურის მიერ, სრულიად წარმოუდგენელია, რა საფრთხე შეიძლებოდა შეჰქმნოდა საქართველოს დე ფაქტო მმართველის დახურულ პროცესზე გამოსვლას.

ზემოთმულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ არ შეესაბამებოდა რეალურად არსებულ ლეგიტიმურ მიზანს და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს.

ივანიშვილი - მიტაცებული სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი

ყველასათვის ცნობილი და აღიარებული ფაქტია, რომ ივანიშვილი საქართველოს დე ფაქტო მმართველია, რომელსაც მიტაცებული აქვს ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტი და, რომელზეც ერთპიროვნულ კონტროლს ახორციელებს. 2024 წლის 27 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცია დაადო ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახვას და აღკვეთა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის უფლება საქართველოში. გარდა ამისა, მათ ჩაუხერგეს გზა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს – მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილია და საქართველოს კონსტიტუციის მიერ არის დაკანონებული. შედეგად, საქართველო რჩება მოწყვლადი რუსეთის წინაშე, რომელსაც ამ დრომდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ოც პროცენტზე მეტი.“

დასკვნა

მთლიანობაში, როგორც ზემოთ აღწერილი საქმის არსებითი გარემოებები ცხადყოფს, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება მოკლებულია, როგორც იურიდიულ, ისე ფაქტობრივ საფუძვლებს. ყოველ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მისცემდა ნებისმიერ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ტრიბუნალს ბაჩიაშვილი დამნაშავედ ეცნო.

ცნობისთვის, ბაჩიაშვილის ბოლო პროცესი დღეს გაიმართა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა დაიკითხა, როგორც ბრალდების მოწმე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები