მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაჩიაშვილმა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრა

გიორგი ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა bm.ge-ს უთხრა, გადაწყვეტილება ივნისის ბოლოს გასაჩივრდა.

საუბარია განაჩენზე, რომლითაც გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილების თანახმად, თუ გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, მაშინ ბიტკოინის ფასიდან გამომდინარე, ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება.

"გუშინ მოგვივიდა პროკურატურის შესაგებელი და პროკურატურა მას მერე წერს შესაგებელს, რაც საჩივარი მიღებულია წარმოებაში. [სხდომა] სტანდარტულად არის ხოლმე ერთი თვის ვადაში, მაგრამ ვინაიდან ახლა ივლისი და აგვისტოა, შეიძლება არც ჩანიშნონ სექტემბრამდე.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიცია არის ძალიან დასაბუთებული სამართლებრივად. თუ იგივე ტიპის განაჩენს დატოვებს ძალაში, უნდა ამოვწუროთ ქვეყნის შიგნით ყველა პროცედურა და შემდეგ ვასაჩივრებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ყოველ შემთხვევაში, ამის მზაობაც გვაქვს",- ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების საქმეს, ადვოკატის ინფორმაციით, საკითხზე გიორგი ბაჩიაშვილი ამ დრომდე არ გამოკითხულა.

"გიორგი არ ჰყავთ გამოკითხული და ჩვენ ვინაიდან მხარე არ ვართ, ანუ დაზარალებულად არ არის ცნობილი, მასალებზე არ გვაქვს არანაირი წვდომა და ვერ გეტყვით სხვა ვინმე თუ გამოიკითხა",- ამბობს ლევან მახარაშვილი.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდნენ. საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები