- ამ ქვეყანაში ყველაზე წარმატებული დარგი ფინანსური სექტორია და არა იმიტომ, რომ მოგებიანია, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე მყარია. ეს არის სექტორი, რომელმაც გაუძლო მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს და რუსეთის არმიის შემოჭრას; ქართულმა საფინანსო სექტორმა რაც გადაიტანა, ამას ვერ გაუძლეს უდიდესმა ბანკებმა... ამდენად, მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდა, ვფიქრობ, ინვესტორებისთვის კარგი სიახლე არ იყო. ჩვენ რა გვინდა საბოლოო ჯამში?! - საქართველოს საფინანსო სექტორი ისეთივე მიმზიდველი დარჩეს ინვესტორებისთვის, როგორც აქამდე იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანი ენდობა საფინანსო სექტორს, მაშინ სხვა დარგებშიც ფულს ჩადებს, რადგან იმ ქვეყანაში, სადაც საფინანსო-საბანკო სექტორი მყარი არ არის, იქ არც სხვა დარგებში დებენ ფულს, ვინაიდან საფინანსო სექტორის სიმყარე მთელი ეკონომიკის სიმყარის ქვაკუთხედია. ამდენად, ვფიქრობ, ესეც <მოგების გადასახადის გაზრდა> სრულად პოპულისტური ნაბიჯია. სხვა ახსნა ამას არ აქვს.
- პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ბანკების მოგება წელს 2 მილიარდ ლარს მიაღწევს და ამ ფონზე გაუმართლებელია მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ. ესტონურ მოდელზე მათი გადასვლა... საბოლოო ჯამში, საფინანსო სექტორისთვის „ესტონური მოდელი“ გაუქმდა.
- თუ საქართველოს საფინანსო სექტორს იგივე მოგებიანობა აქვს, რაც ამერიკულ ბანკს, საქართველოს საფინანსო სექტორში, მაგალითად, ამერიკელი ინვესტორი რატომ ჩადებს ფულს?! - ეს ხომ მარტივია კითხვაა... თან ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობა ფეხქვეშაა გათელილი, რეგიონში ომი და არასტაბილური ვითარებაა. ამდენად, უცხოელი ინვესტორი ამ დარგში ფულს დებს იმიტომ, რომ საქართველო საფინანსო სექტორი არის მოგებიანი და წარმატებული და უფრო მაღალი მოგებიანობა რომ არ ჰქონდეს, ვიდრე ამერიკულ საფინანსო სექტორს, აქ ფულს ვერ მოიზიდავ. ამდენად, ორიენტირი იმაზე, რომ რადგან საფინანსო სექტორი მოგებიანია, უფრო მეტად დავბეგროთ, მორიგი სიბრიყვის და არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაა. პოპულიზმის მორიგი მაგალითია და იმედია, ამის მიუხედავად, საფინანსო სექტორი ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ დარგად დარჩება, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები აზიანებს საინვესტიციო გარემოს, რადგან გადასახადების გაზრდა ყოველთვის უარყოფითად აღიქმება ინვესტორების მხრიდან. მეც მხოლოდ უარყოფითად შევაფასებ ამ გადაწყვეტილებას.