საქართველოდან ბადრიჯნის ექსპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 316 700 აშშ დოლარის ღირებულების 290 ტონა ბადრიჯნის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (321 610 აშშ დოლარის 349 ტონა) ნაკლები, ხოლო 2022 წლის მონაცემებზე (188 310 აშშ დოლარის 205 ტონა) მეტია.
აღსანიშნავია, რომ ბადრიჯნის ექსპორტის კუთხით რეკორდული წელი 2020 წელი იყო, როცა ქვეყნიდან 579 230 დოლარის 581 ტონა ბადრიჯნის ექსპორტი განხორციელდა.
ქართული ბადრიჯნის მთავარ საექსპორტო ბაზარს სომხეთი წარმოადგენს, სადაც წელს 307 570 დოლარის 281 ტონა ბოსტნეული გავიდა, მცირე რაოდენობით ბადრიჯანი რუსეთშიც გადის, სადაც წელს 9 140 დოლარის ღირებულების 9 ტონა ბადრიჯანი გავყიდეთ.
ექსპორტთან შედარებით, ბადრიჯნის იმპორტი გაცილებით მაღალ მაჩვენებლებზეა. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში 4,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 571 ტონა ბადრიჯანი შემოვიტანეთ, გასულ წელს კი 5,2 მლნ აშშ დოლარის 6 696 ტონა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტშიც მცირედი კლებაა.
რაც შეეხება საიმპორტო ბაზრებს, საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობით ბადრიჯანი თურქეთიდან შემოაქვს, მცირე რაოდენობებით კი - ირანიდან და აზერბაიჯანიდანაც.
უფრო კონკრეტულად, თურქეთიდან წელს 4,7 მლნ აშშ დოლარის 6 442 ტონა ბადრიჯანი ვიყიდეთ. ირანიდან 58 700 დოლარის 78 ტონა, ხოლო აზერბაიჯანიდან - 36 340 დოლარის 50 ტონა.