საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ახალ მოადგილეს, მარიანა მორგოშიას მრავალპროფილური, საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობის 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. აღნიშნული გამოცდილება მოიცავს ჯანდაცვის მენეჯმენტის, პროექტების მართვის, საბანკო და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს.
მარიანა მორგოშია ასევე სრულად ფლობს ინფორმაციას წარმოების სექტორში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე და ბიზნეს ასოციაციაში იგი ამ მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს.
მარიანა მორგოშია იყო სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) დირექტორი.
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ახალ მოადგილეს ჯანდაცვის სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, რომელიც მოიცავდა თანამშრომლობას, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ასევე ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მიმართულებით.
ის ასევე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი, შესაბამისად, დეტალურად იცნობს, მომსახურების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ხარვეზებს.
მარიანა მორგოშიას ნამუშევარი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებზე, როგორც პროექტების მენეჯერის ასევე ტრენერისა და ლექტორის ამპლუაში.
მარიანა არის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის პროექტების მართვის პროფესიული სამაგისტრო პროგრამის, ასევე კავკასიის ბიზნესსკოლისა და ლონდონის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის მენეჯმენტის სკოლის კურსდამთავრებული. იგი ასევე გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენებისა და თარჯიმნობის ბაკალავრი.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით, მივესალმებით აღმასრულებელი დირექტორის ახალ მოადგილეს, მარიანა მორგოშიას. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს შორის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული და ეფექტიანი იქნება ჩვენი წევრი კომპანიების ინტერესების წინ წამოწევისა და დაცვის კუთხით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია ის სოლიდური გამოცდილება, რომელიც მარიანას მიღებული აქვს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით, რადგან ჩვენი ასოციაციის წევრი საკმაოდ ბევრი კომპანია სწორედ ამ სფეროებში მოღვაწეობს. კიდევ ერთხელ მივესალმებით მარიანას და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ ასპარეზზე“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
(NS)