საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) შეხვედრაზე ასოციაციის წევრი კომპანიების სამომავლო გეგმები და ასოციაციასა და UNWTO-ს შორის თანამშრომლობის ფორმები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა UNWTO-ს გენერალურ მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი. მხარეებმა ქვეყანაში მდგრადი ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და საქართველოს ტურისტული პოტენციალი შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ BAG-ის წევრების მხრიდან, განსაკუთრებული ინტერესი მთის კურორტების მიმართულებით გამოითქვა, სადაც საუბარი შეეხო ერთობლივ პროექტებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს. ასევე ხაზი გაესვა ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გაზრდისა და გაუმჯობესების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ტურისტულად მიმზიდველი დანიშნულების ადგილებში.
პროექტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე შედგა UNWTO-ს აფილირებული წევრების დეპარტამენტის დირექტორთან, იონ ვილქუსთან, სადაც UNWTO-ს და BAG-ს შორის სამომავლო თანამშრომლობისა და BAG-ის აფილირებული წევრობის საკითხი განიხილეს.
„მოხარულნი ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა შევხვედროდით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლობას, სადაც ჩვენმა წევრმა კომპანიებმა მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. ძირითადად, საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და მის განვითარებას, ისევე როგორც საინვესტიციო შესაძლებლობებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა UNWTO-სთან კიდევ უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული შეხვედრა BAG-ის Platino Industria ფორუმზე მონაწილეობისას შედგა, რომელიც ევროკავშირის ინიცირებული პროექტის, EU4BUSINESS - Connecting Companies ფარგლებში გახდა შესაძლებელი.