მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BAG პლასტიკის ბოთლების აკრძალვაზე: ბიზნესი ალტერნატიულ მექანიზმებს სამინისტროს ერთ თვეში წარუდგენს

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის პლასტიკის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მხარეები თანხმდებიან, რომ ეკოლოგიური მიზნების მიღწევა ბიზნეს სექტორის ინტერესების დაზიანების გარეშე უნდა მოხდეს.

როგორც BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, პირველი შეხვედრა „მოთელვითი“ ხასიათის იყო და პრობლემის შეფასებას დაეთმო. მისი თქმით, არსებობს მზაობა, რომ რეგულაციამ ბიზნესი არ აზარალოს.

მისივე განმარტებით, კონკრეტულ მექანიზმებსა და ალტერნატივებზე მსჯელობა დაახლოებით ერთ თვეში დაგეგმილ მომდევნო შეხვედრაზე გაგრძელდება.

“მთავარი ახლა არის ამოსავალი, რაც გვაქვს ორივე მხარეს ერთად - ეს არის სამინისტრო და ბიზნესი - რომ ერთის მხრივ, ის ლეგიტიმური და სამართლიანი მიზანი, რომელიც სახელმწიფოს აქვს და გარემოს დაცვას უკავშირდება, ამ მიზანს მივაღწიოთ და მეორეს მხრივ, ეს გავაკეთოთ იმის ხარჯზე, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს. აი, ამ საკითხზე გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა და ამ მხრივ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. კონკრეტულ მექანიზმებზე, კონკრეტულ საკითხებზე ალბათ შემდეგ შეხვედრაზე გადავალთ, იმიტომ რომ ეს იყო უფრო მოთელვითი, წინასწარი გაცნობითი, პრობლემის შეფასებითი ნაწილი. მერე უკვე კონკრეტიკაზე გადასვლას შეეხება და ჩვენ ვვარაუდობთ დაახლოებით ერთ თვეში გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც უკვე უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ იმ მექანიზმებზე, ალტერნატივებზე (რამდენიმე ალტერნატივა შეიძლება განვიხილოთ), რამაც შეიძლება უზრუნველყოს ერთის მხრივ სახელმწიფოს მიზანი და მეორეს მხრივ, არ დააზარალოს ბიზნესი ისე, როგორც შეიძლება არსებული რეგულაცია აზარალებდეს,”- აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები