მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაღების ავტორიზაცია იწყება - ღარიბაშვილმა ჩხენკელს და მის მოადგილეებს დავალებები მისცა

63e3a0f80e0d6
BM.GE
08.02.23 17:08
717
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც 2023 წელს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო "საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-ის“ იმპლემენტაციის დინამიკას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ ძირითადი პროგრამისა და პროექტის შესახებ, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს განათლების სისტემის ყველა საფეხურზე იგეგმება.

შეხვედრისას ხაზი გაესვა 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ ეტაპზე, 2022 წელს, სააგენტომ გამოაცხადა და უკვე დასრულებულია ტენდერები 2022-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 320 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციაზე და მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 80 სკოლის მშენებლობაზე.

სარეაბილიტაციო და სამშენებლო სკოლების შერჩევა რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან კონსულტაციით, შენობათა ტექნიკური და აუდიტორული შესწავლის შედეგად განხორციელდა – პირველ ეტაპზე შეირჩა ის სკოლები, რომლებიც რეაბილიტაცია/მშენებლობას ყველაზე მეტად საჭიროებდა. პროექტის მომდევნო ეტაპზე 2024-2026 წლებში დარჩენილი 400 სკოლის საპროექტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი საგანმანათლებლო რესურსებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც 2023 წელს ორი მილიარდ ოცდაათი მილიონ რვაასი ათასი (2,030.8 მლნ) ლარით განისაზღვრა და 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 345,9 მლნ ლარით აღემატება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი განათლებისა და მეცნიერების სფეროში უკვე მიღწეული შედეგების გაუმჯობესებისა და მიმდინარე კომპლექსური რეფორმის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელების საშუალებას იძლევა.

შეხვედრის მონაწილეებმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ 2023 წლიდან სისტემაში პირველად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით, დაიწყებს როგორც საჯარო, ასევე კერძო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების დიაგნოსტიკური თვითშეფასებისა და მათი მხარდაჭერის პროცესს ავტორიზაციის გავლის მიზნით. ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2023 წელს დაიწყება და 2030 წელს დასრულდება.

მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს სკოლამდელი განათლების საფეხურიდანვე სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესებისთვის სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში აქტიურად გაგრძელდება ბილინგვური განათლების დანერგვა.

ზოგადი განათლების მიმართულებით პროექტებზე საუბრისას აღინიშნა, რომ 2022 წელს სისტემაში განხორციელებული ყველა სკოლის თვითშეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ავტორიზაციის პროცესი დაიგეგმება. 2023 წელს ავტორიზაციის პროცესი 400-მდე სკოლაში განხორციელდება.

რეფორმის მიმდინარეობისას განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სკოლის დირექტორთა მხარდაჭერაზე. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ დაიწყო და 2023 წელს დასრულდება სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლებში თანამედროვე სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას. ამ მიზნით, 2023 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელება იგეგმება. მათ შორის:

• დაიწყება სკოლების აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და კომპიუტერული ლაბორატორიებით.

• სკოლებში ინტენსიურად გაგრძელდება მესამე თაობის, კომპეტენციებზე დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებისა და დანერგვის პროცესი.

• 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება XI კლასის და ასევე I, II კლასების სახელმძღვანელოთა გრიფირება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ხარისხს. პარალელურად, განხორციელდება ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების თარგმნა ეროვნული უმცირესობების ენებზე.

• ინტერაქტიური რესურსის შექმნის მიზნით საპილოტედ გაციფრულდება რამდენიმე სახელმძღვანელო.

• მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და შემოქმედებითობის განვითარების მიზნით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობით, ჭადრაკის სწავლება გაფართოვდება და მეორე კლასშიც გაგრძელდება.

• გაიზრდება საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და „სამხედრო საქმე“ დაფარვის არეალი. ამ მიზნით გამოცხადდება თადარიგში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსი და სპეციალური გადამზადება.

• „საქართველოს ისტორიის“, როგორც დამოუკიდებელი საგნის სწავლება მე-11 კლასში გაგრძელდება. ამ მიზნით მიმდინარეობს სახელმძღვანელოს გრიფირება.

• არაფორმალური განათლების მიმართულებით დაგეგმილია მოსწავლეთა ბანაკების ორგანიზება, სასკოლო ბიბლიოთეკების განახლება და მოსწავლეებისთვის ფესტივალებისა და ღონისძიებების დაგეგმვა.

• გაგრძელდება მოსწავლეთა სასკოლო ოლიმპიადები და საგნობრივი ნაკრებების დაფინანსება ევროპულ და მსოფლიო საერთაშორისო ტურნირებზე.

• საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით ფუნქციონირებას განაგრძობს საგანმანათლებლო პროექტი „პირველი არხი – განათლება“. 2023 წლისთვის განახლდება პროგრამა და ორიენტირებული იქნება მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტი შემეცნებითი ხასიათის გადაცემების შეთავაზებაზე.

• 2023 წელს გაფართოვდება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო ენის გაძლიერებით.

შეხვედრის მონაწილეებმა პროფესიულ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხზე იმსჯელეს. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს აქტიურად გრძელდება მუშაობა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების მიმართულებით თბილისსა და შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბორჯომში, ბათუმში, ახალქალაქში, ბოლნისში, ამბროლაურში, ქობულეთში, თელავში, მესტიაში, ფოთსა და ხობში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, 2023 წელს საქართველოს 30 საჯარო სკოლაში შეიქმნება პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამჟამად პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.

შეხვედრისას განსაკუთრებით გამოიყო პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის საკითხი. კერძოდ, აღინიშნა, რომ 2023 წელს დაინერგება გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელების რეგულაციები, რაც უცხოურ სასწავლებლებთან ერთად პროფესიული პროგრამების განხორციელების საშუალებას შექმნის. ამასთან, გაიზრდება Erasmus+ პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა. გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. საერთაშორისო სტანდარტის სწავლების ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს კოლეჯებში კიდევ უფრო მეტი უცხოელი მასწავლებელი ჩაერთვება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ლოზანას EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლასთან აქტიურად ითანამშრომლებს ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.

მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება მუშაობა საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების მიმართულებით – გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) თანამშრომლობით დაიწყება ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი ახალი ექსელენს ცენტრი განვითარდება: თელავის ღვინის სკოლა და დუშეთის ტურიზმის სკოლა. ასევე, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად გაგრძელდება თბილისში ტრანსპორტის/ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ექსელენს ცენტრის განვითარების პროცესი. ამასთან, დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები გურჯაანში, სადაც სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, შენდება კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია.

პროფესიული განათლების მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურება 2023 წელს 20%-ით გაიზარდა.

2023 წელს პროფესიული უნარების სააგენტო, ბიზნეს სექტორთან ერთად, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროგრამების შემუშავების, ინტეგრირებული და დუალური პროგრამების მასშტაბის ზრდის, სტუდენტთა დასაქმების ხელშემწყობი სერვისების გაუმჯობესებისა და სხვა მიმართულებებით.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახლდათ. აღინიშნა, რომ 2023 წელს გაგრძელდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარება როგორც აკადემიური პროგრამების, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების გაფართოების კუთხით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები