მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

64c66eec37f85
შოთა ტყეშელაშვილი
30.07.23 18:04
452
გასული კვირის (24-30 ივლისი) მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

1) საქართველო ჩინეთთან ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აამაღლებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარასკევს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში სიამაყით ვაცხადებ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ამაღლებას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საეტაპო მოვლენა მოგვცემს პარტნიორობის გამყარებისა და არსებული შესაძლებლობების სრული რეალიზაციის საშუალებას,“- აღნიშნულია „ტვიტში“.

2) სახ დეპი: ინვესტორები მიუთითებენ პოლიტიკურ ჩარევასა და სასამართლოსადმი ნდობის ნაკლებობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმასაქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო რეგიონის მასთაბით ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ერთ-ერთი ღიაა, თუმცა არსებობს გარკვეული ნაკლოვანებები, რომლებიც ძირითადად ქართულ სასამართლოს, ასევე ბიზნესში პოლიტიკურ ჩარევას და კონკრეტული ბიზნესების მიმართ შერჩევითად რეგულაციების აღსრულებას უკავშირდება.

ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები სრულად იცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.

3) აშშ-ს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა პარასკევს საქართველოში აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანი დაამტკიცა. ამ დრომდე, დანიგანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

4) საქართველოს ფულადი გზავნილების ბაზრის #1 მოთამაშე დასანქცირდა

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ რუსული ფულადი ტრანსფერების სისტემა Unistream-ი 20 ივლისს შეიყვანა სანქცირებული პირების სიაში. გზავნილების ეს სისტემა ქართულ ბაზარზე #1 ადგილს იკავებდა, თუმცა პარასკევიდან მოყოლებული ქართული ბანკები მას აღარ ემსახურებიან. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 762 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც გზავნილების 32%-ს შეადენდა.

5) 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება 1.25 მილიარდი ლარი იყო

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს თავიანთი ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. დოკუმენტაციის მიხედვით, 15 ბანკის ჯამურმა მოგებამ 2023 წლის პირველ ნახევარში 1,25 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 422 მილიონი ლარით, ანუ 50%-ით მეტია. მოგების მატება ბანკების შემოსავლების ზრდით არის განპირობებული, 15-მა ბანკმა პერიოდის განმავლობაში 4.2 მილიარდი ლარის საოპერაციო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 829 მილიონი ლარით მეტია.

6) სებ-მა წელს 1 მილიარდი დოლარის რეზერვები შეიძინა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის ივნისის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmatch-პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან $137.6 მილიონი შეისყიდა. მთლიანად წლის პირველ 6 თვეში სებ-ის მიერ ბაზრიდან სავალუტო შესყიდვების ზომა 1.06 მილიარდი დოლარი იყო.

ყველაზე დიდი - $322 მილიონიანი ინტერვენცია აპრილში განხორციელდა, ხოლო მაისში გაცვლითმა კურსმა გაუფასურება დაიწყო, რის გამოც სებ-ს საპირისიპირო მიმართულებით მოუწია თანხების გაყიდვა და 2 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე 17 მილიონი დოლარი გაყიდა. შესაბამისად, წმინდა შესყიდვებმა ამ პერიოდში 1.06 მილიონი დოლარი შეადგინა.

7) 4 ქვეყანა "შავი ზღვის კაბელის" პროექტზე ერთობლივ კომპანიას შექმნის - შეთანხმება ბუქარესტში შედგა

ბუქარესტში ოთხი ქვეყნის რუმინეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უნგრეთის წარმომადგენლებმა შავი ზღვის კაბელის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი კომპანიის დაფუძნებას მოაწერეს ხელი. ერთ-ერთმა ხელმომწერმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ BMG-ის უთხრა, რომ პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთების მიმართულებით კვლევა მიმდინარეობს.

8) Paysera საქართველოს გეგმები - “გვინდა ბაზარს ჩვენი ხელი დავატყოთ”

“Paysera საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა “წერტილის” ეთერში Paysera-ს გადარიცხვების სერვისების კონკურენტული უპირატესობების შესახებ ისაუბრა. Paysera ციფრული ბანკია, რომელიც ლიეტუვური საბანკო ქსელის ქართული წარმომადგენელია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბანკის კლიენტები ერთდროულად მიიღებენ როგორც ქართულ, ასევე ევროპულ IBAN-ის ნომერს, რის შედეგადაც მათ ევროს ერთიანი გადახდის სისტემის გამოყენებით შეეძლებათ გადახდების წარმოება.

9) ხორვატიაში საქართველოს საელჩო გაიხსნა

ხორვატიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საელჩო გახსნა.

“ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი. პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლიერება გამოვხატო ჩემი მთავრობისა და ხალხის სახელით,”- განაცხადა ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

10) კომპანიებმა “მითანამ” და “ნოზაძის მეფრინველეობამ” წარმოება შეამცირეს

ქათმის ხორცპროდუქტების ადგილობრივმა მწარმოებელმა „ნოზაძის მეფრინველეობამ“ მუშაობა 6 თვის წინ შეაჩერა. მეურნეობის ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე BM.GE-სთან ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. ამასთან, მან ის პრობლემები დაასახელა, რომლებმაც მეფრინველეობის ფერმის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მათ შორისაა ლარის კურსი, მაღალი კომუნალური გადასახადები და ხელისუფლების დამოკიდებულება ადგილობრივი წარმოების მიმართ.

ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელმა კომპანია „მითანამ“ ძეხვეულის წარმოება შეაჩერა, ნახევარფაბრიკატების წარმოებას კი აგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ს კომპანიის დირექტორმა კახა ყრუაშვილმა დაუდასტურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები