მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში მეწყერის განმეორების საფრთხე კიდევ არსებობს - გეოლოგიური ბიულეტენი

ნერგეეთი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც 2024 წლის 7 თებერვალს მეწყერმა 7 საცხოვრებელი სახლი დაანგრია და ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, სტიქიის განმეორების საფრთხე კიდევ არსებობს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ საინფორმაციო ბიულეტენიდან -„საქართველოში 2024 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2025 წლისთვის“ ვიგებთ.

ბიულეტენში წერია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებული საშიში გეოლოგიური პროცესები საფრთხეს უქმნიან, როგორც საცხოვრებელ სახლებს და სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, ასევე საავტომობილო გზებს და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დომინირებენ მეწყრული პროცესები, რომლითაც მოცულია დასახლებული პუნქტების უმრავლესობა. ასევე, ხშირად ვხვდებით ნაპირგარეცხვებს და ქვათაცვენებს. დოკუმენტის ავტორები სოფელ ნერგეეთში განვითარებულ მეწყრულ პროცესებს დეტალურად მიმოიხილავენ და წერენ რომ ადგილზე ხილული ნაპრალები ფიქსირდება.

„მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლასთან - 3 დღის განმავლობაში მოვიდა მთელი თვის ნალექების ნორმის 46%, რაც დროის ამ მონაკვეთისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მოვლენების გააქტიურებას.

გაარტიურებული მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობი 4.45 ჰექტარია, რომელმაც მოიცვა როგორც ფერდობის შუა და ქვედა ნაწილი, ასევე ჭალისზედა ტერასული საფეხურის ფრაგმენტი და ჭალა-კალაპოტის ზონა. მეწყრული მოწყვეტის ფლარის სიმაღლე 30 მეტრია, სიგანე ზედა ნაწილში 45-50 მეტრი, ხოლო ქვედა ნაწილში 140-160 მეტრი.

მოწყვეტის არეალიდან საცხოვრებელ სახლებამდე მანძილი 270-280 მეტრია. პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ 30-40 წამში მიაღწია. სახლებზე აკუმულირებული მასალის საშუალო სიმძლავრე 3.5 მეტრს შეადგენს. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის სავარაუდო მოცულობა 150 000 – 160 000 მ³-ია. მეწყრის მოწყვეტის ფლატის ძირში ფიქსირდება გრუნტის წყლების ფრონტალური გამოსავლები.

სავარაუდოდ, შესაძლებელია მეწყრის რეგრესიულად გაფართოება-გააქტიურება, თავისი უარყოფითი შედეგებით, რასაც მოწმობს მოწყვეტის კიდის პარალელურად 2-3 მ-ში დაფიქსირებული ხილული ნაპრალები. მეწყრული მასების აკუმულაციის კვალი, ასევე დაფიქსირდა მდ. ხანისწყლის მარცხენა ტერასულ საფერხურზე“, - ნათქვამია გეოლოგიური ბიულეტენში.

ცნობისთვის, 2024 წლის 7 თებერვალს, ღამის საათებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ, ნერგეეთში, მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კატასტროფული ხასიათის მოვლენის განვითარებას, რომლის შედეგად დაზიანდა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა, ელ. გადამცემი ხაზები, გაზის და წყლის მილსადენები, სრულად დაინგრა 7 საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს.

ამავე ბიულეტენიდან ვიგებთ, რომ 2024 წელს მუნიციპალიტეტში დათვალიერებული და ვიზურალურად შეფასებული იქნა 22 დასახლებული პუნქტი: ქ. ბაღდათი, ს.ს. I ობჩა, II ობჩა, დიმი, წითელხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი, საირმე, ვარციხე, წყალთაშუა, ზედა ზეგანი, როხი, საიმედო, ქვედა ზეგანი, წიფა, ზედა დიმი, წაბლარასხევი, დიდველა, როკითი, საკრაულა და ხანი.

მუნიციპალიტეტის 19 დასახლებულ პუნქტში შეფასებულ იქნა მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები